ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება

20
spot_img

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, სხდომა ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.

სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

„შეხვედრა ფოკუსირებული იქნება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

დახურულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, კერძოდ, რეგიონულ საკითხებსა და თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.