“ბრიუსელში არსებობს კითხვები, შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა არ დაჰყვეს ჩინეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნებას”

109
spot_img

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ქვეყნების მკვეთრი გადანაწილება ხდება დემოკრატიებად და ავტოკრატიებად, ჩინეთთან დაახლოება გაუმართლებლად მოჩანს ჩვენი პარტნიორების თვალში, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, შეკითხვები არსებობს ჩინეთ -საქართველოს სტრატეგიული ხელშეკრულების, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილთან.

„19 და 20 ოქტომბერს „ევროპელ დემოკრატებს“ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროკომისიაში. ბრიუსელში ძალიან დიდი ინტერესია საქართველო – ჩინეთის დაახლოებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მათ აინტერესებთ, როგორ შეიძლება იყოს ჩინეთის გავლენა საქართველოზე და ხომ არ გამოიწვევს ახალი ხელშეკრულება, ჩინეთის გავლით რუსეთის ინტერესების გაძლიერებას საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რუსეთის და ჩინეთის პარტნიორობის მაღალი ხარისხი. მაშინ, როდესაც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ასეთ ნიშნულზეა, არ იყო მიზანშეწონილი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. ეს იწვევს ნეგატიურ განწყობას არა მარტო ევროკავშირში, მთლიანად დასავლეთში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ოლიტიკური მიზანშეწონილობის გარდა ძალიან დიდ საფრთხეს იწვევს თანამშრომლობის ეკონომიკური ნაწილიც.

გამყრელიძის თქმით, საინტერესოა შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა თავიდან აირიდოს კრედიტები და არ მიჰყვეს ჩინეთის პოლიტიკურ ნებას.

„ჩინეთის მონაწილეობა და ჩართვა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის პორტი და ახალი აეროპორტი, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც გაცხადდა რუსეთის გეგმები ოჩამჩირის სამხედრო – საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით, შეიცავს ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს. როგორი იქნება ამ პროექტებში ჩინელებთან ერთად რუსების ინვაზია – ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საპარლამენტო მოსმენის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გამოწვევეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, გასაგებია. ერთი ხელშეკრულებით, არ იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი. ამ შემთხვევაში საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს ხელისუფლებისგან და არა ხელშეკრულებიდან.

ჩინეთი ეწევა აგრესიულ ეკონომიკურ პოლიტიკას ღარიბ ქვეყნებში, საქმე ეხება დაკრედიტებას, რომელიც როგორც წესი, მოყვება ჩინურ ინვესტიციებს. საინტერესოა შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა თავიდან აირიდოს კრედიტები და არ მიჰყვეს ჩინეთის პოლიტიკურ ნებას, რაც მომავალში აუცილებლად ცუდად აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს საფრთხის შემცველი დილემაა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, როგორც ჩანს საქართველოს არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი, მკაცრად დაიცვას საკუთარი სახელმწიფო ინტერესები“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.ა