“ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტენსიური საუბრის შედეგად, საქართველოში იმყოფებიან სამედიცინო მისიის წევრები”

spot_img

ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტენსიური საუბრის შედეგად, საქართველოში იმყოფებიან სამედიცინო მისიის წევრები, რომლებიც სააკაშვილს ხვდებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით. როგორც ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

„27 თებერვალს, ბრიუსელში შეთანხმებული დემარშის იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, სამედიცინო მისია, ფაქტობრივად, ხუთი თვის დაგვიანებით საქართველოში ჩამოვიდა და ისინი სააკაშვილს ხვდებიან. ამ პროცესში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ტყუილების კასკადები, რომლებიც გაჟღერებული იყო. ჩვენ დავიცავით კონფიდენციალური შეთანხმება, ვაცადეთ დიპლომატიას მუშაობა და დღეს ექიმები აქ არიან ისე, რომ არავინ იცოდა, ჩამოსული რომ იყვნენ, არავინ იცოდა, როდის შევიდოდნენ კლინიკა „ვივამედში“. ჩვენ ეს პირობა დავიცავით. ვიზიტთან დაკავშირებულ დეტალებს კვლავ ვერ გავაჟღერებთ, რადგან ეს არის დიპლომატიური მოლაპარაკების საკითხი, მხოლოდ რამდენიმე პირმა ვიცით ამის შესახებ და ჩვენი მხრიდან ეს არ გავრცელდება.

დღეს დილიდან მოყოლებული, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინტენსიური საუბრების, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა. ეს საუბარი არ იყო მარტივი და დაბალ დონეზე არ მიმდინარეობდა. ბრიუსელსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაიმართა. ამაში საქართველოდან აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო. სამედიცინო მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, უმაღლესი დონის, სპეციფიკური ცოდნისა და განათლების მქონე ექიმებით, რომლებიც აღჭურვილნი არიან ყველაფრით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სჭირდებათ. მისია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ექიმები საკმარის მონაცემებსა და ინფორმაციას არ მიიღებენ, რომელიც საჭიროა სააკაშვილის ჯანმრთელობის სურათის სრულად დასანახად. სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება, ეს იქნება კონფიდენციალური“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.