ბრიტანეთში ინფლაცია დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი

64
spot_img

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია კვლავ ორნიშნა ნიშნულზე რჩება და მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის დონემ 10.1% შეადგინა.

თებერვალში მაჩვენებელი 10.4%-ზე იყო და გასულ თვეში ინფლაციის 9.8%-მდე კლებას მოელოდნენ.

მარტში ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის ფასები შემცირდა და სწორედ ამან განაპირობა ინფლაციის კლება, თუმცა კვეთრი, ორნიშნა იყო ზრდა საკვების, დასვენებისა და კულტურის კატეგორიებში – მაგალითად, პურისა და მარცვლეულის ფასები წლიურად 19.1%-ითაა გაზრდილი.

ინფლაცის მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირება ინგლისის ეროვნულ ბანკს აიძულებს, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს. ბანკში იმედოვნებდნენ, რომ ინფლაციური წნეხი შემცირდებოდა, თუმცა საბაზო ინფლაციის ინდექსი, რომელიც სურსათისა და ენერგიის მერყევ ფასებს გამორიცხავს, უცვლელად, 6.2%-ზე დარჩა, რაც განაკვეთების შესამცირებლად მეტად მაღალი მაჩვენებელია.

ამჟამად, ბრიტანეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-ზეა. ეროვნული ბანკის მომდევნო სხდომაზე კი 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნია, რომ ბრიტანეთში ფასები სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნელა იკლებს და ის დასავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ინფლაციის ორნიშნა დონე ფიქსირდება.