ჩვენ კარგად გვაქვს გათავისებული და იმედი მაქვს, ამას სხვებიც გაითავისებენ, მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.
„ჟოზეფ ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა სახელმწიფოს პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ისე არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ერთნაირად ფიქრობდეს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენთვის ევროპის გზაზე რამე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ერთი რამ და იმედი მაქვს, რომ ამას სხვებიც გაითავისებენ, მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენთვის ამ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში აქტუალურია ქვეყნის გარედან დაფინანსებები და გავლენები.
„მაშინ, როდესაც დღეს ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში საუბრობენ, რომ ქვეყნის გარედან არსებული დაფინანსებები და ზოგადად გავლენები, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის ქვეყნის გარედან მოდის, მათთვისაც არის აქტუალური თემა და ყველა სახელმწიფოსთვის დღეს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რატომ ფიქრობენ, რომ საქართველო იმის გათვალისწინებით, როდესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს რეგიონის თვალსაზრისით, რომ ოკუპირებული არის ჩვენი ტერიტორიები, იმავდროულად მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ. ეს გამოწვევები ხომ ჩვენთვისაც არსებობს, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ ვიღებთ ჩვენი გამოწვევების ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ამ კანონზე ამბობენ, რომ ეს კანონი შეიძლება, მისაღები იყოს სხვა სახელმწიფოებში და ჩვენთვის რატომღაც გაუგებარი მიზეზების გამო, თურმე ეს არის მიუღებელი, ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომაა. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ, რომ ვეტოს საკითხზე პარლამენტი უკვე იმსჯელებს და ვეტო იქნება დაძლეული“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.