“აუხსნელია – რატომ რჩება ,,ობიექტური“ ბლინკენისა და დეგნანის ყურადღების მიღმა მართლაც ისეთი ფაქტები, რომლებიც ხელის გულზე დევს”

127
spot_img

სიტყვა ,,კორუფცია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ,,corrumpere“, რაც ნიშნავს ,,ვაფუჭებ“. ,,კორუფციის“ საყოველთაო და ერთგვაროვანი დეფინიცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად, ,,კორუფციის“ ცნების ქვეშ მოიაზრება პირის მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების ან მდგომარეობის გამოყენება პირადი უპირატესობებისა და სარგებლის მიღების მიზნით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 5 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ დეგნანის წარდგინებით, მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და საქართველოს მთელი სამოსამართლო კორპუსისათვის შეურაცხმყოფელი, უპრეცედენტო გადაწყვეტილება 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის სანქცირების შესახებ, თითქოსდა მათი კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო.

„ისიც კი არ გვაღირსეს, ნათლად აეხსნათ, რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარმოადგინეს ეს უმძიმესი ბრალდება და შემოიფარგლნენ განმარტებით, რომ არსებობს ,,სანდო ინფორმაცია“.

ამ ვითარებაში, ჩემთვის აუხსნელია – რატომ რჩება ,,ობიექტური“ ბლინკენისა და დეგნანის ყურადღების მიღმა მართლაც ისეთი ფაქტები, რომლებიც ხელის გულზე დევს და რომლებიც მართლაც, მაღალი ალბათობით, მიუთითებს კორუფციის არსებობაზე. ალბათ იმიტომ არ რეაგირებენ, რომ პირები, რომელთა შესახებაც მინდა ვისაუბრო, მათთან აფილირებული პირები არიან, ასრულებენ მათ დაკვეთებს, მონაწილეობენ რა წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ამ კამპანიის მიზანი კი არის სასამართლოს დისკრედიტაცია, სამოსამართლო კორპუსის გახლეჩა და პარალიზება, რათა არასასურველი მოსამართლეები განდევნილ იქნენ სისტემიდან და დაინიშნონ ახალი, ლოიალურად განწყობილი, მორჩილი მოსამართლეები.

ახლა კი, მივყვები თანმიმდევრულად ფაქტებს. აქვე აღვნიშნავ, რომ თითოეული ჩემი დასკვნა ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას (მაგ: საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციას) და ინფორმაციას. ამასთან, ეს ინფორმაცია უკვე რამდენიმე წელია, რაც ხელმისაწვდომია და, თავის დროზე, წლების წინ, ეს ინფორმაცია დაამუშავა და რეაგირებას ითხოვდა კიდეც არასამთავრობო სექტორის ნაწილი (მაგ: უფლებადაცველი ნიკოლოზ მჟავანაძე).
2016 წელს 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უფლებამოსილება შეუწყვიტა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს – მამუკა ახვლედიანს, მის საქმიანობაში აღმოჩენილი რიგი დარღვევებისა და თვითნებობის გამო. სულ რამდენიმე დღეში ახვლედიანი საერთოდ სისტემიდან წავიდა, პირადი განცხადებით, რადგან მხოლოდ მოსამართლეობა არ იკადრა.

ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, კერძოდ – 2016 წლის 3 ოქტომბერს გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები (რომლის ავთენტურობაც, ოდნავ მოგვიანებით, შსს-მ დაადასტურა) მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის, რომლიდანაც ირკვევა, რომ მ. ახვლედიანი წუწუნებს საქალაქო სასამართლოში შექმნილ სირთულეებზე და ამბობს, რომ ,,თუ ოჯახი არ დარჩება მშიერი, სადმე წავიდოდა“, რაზედაც ნ. გვარამია ამშვიდებს: ,,რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეგ არ არის რთული“. მეორე ჩანაწერში, ნ. გვარამია უკვე საუბრობს ვითარებაზე, რაც შეიქმნება მას შემდეგ, თუ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგება ,,რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული ზეწოლის ფონზე, რის სანაცვლოდ ,,6 მილიონიდან ამას მისცემს წილს“. საგულისხმოა, რომ ნ. გვარამიამ იმთავითვე დაადასტურა ჩანაწერების ნამდვილობა და განაცხადა, რომ ფარული ინფორმაციის მოსაპოვებლად ტელევიზიისათვის ეს პრაქტიკა ჩვეულებრივია, როცა ,,სისტემის მამხილებლის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება“.

ანუ, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ახვლედიანი ესაუბრებოდა იმავე სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მხარის – ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის წარმომადგენელ ნ. გვარამიას და განიხილავდა მოვლენების განვითარების ისეთ დაგეგმვას (მათ შორის – ახვლედიანის სკანდალური გადადგომა თავმჯდომარის თანამდებობიდან), რომელიც იქნებოდა სწორედ ამ მხარის ,,რუსთავი 2“-ის სასარგებლო, რაც, თავის მხრივ, სარგებელს მოუტანდა ახვლედიანსაც.

თუ გავითვალისწინებთ დასაწყისში მოცემულ განმარტებას ,,კორუფციის“ ცნების შესახებ, ზემოთ აღწერილი ვითარება ცხადად მიუთითებს მ. ახვლედიანის მხრიდან საკუთარი საზოგადოებრივი ძალაუფლების ან მდგომარეობის გამოყენებაზე პირადი უპირატესობებისა და სარგებლის მიღების მიზნით. ესე იგი, ამ ფარული ჩანაწერების არსებობის ფაქტი უკვე არის თვითკმარი საფუძველი იმისათვის, რათა ახვლედიანის ქმედებები შეფასდეს ,,კორუფციად“, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით (გამოძიების დაწყებით, სანქცირებით და ა.შ.).

ამ ჩანაწერების გავრცელებას მოკლე დროში მოჰყვა ახვლედიანის მხრიდან სერიოზული აქტივების შეძენის ფაქტები, რომელთა შესაძენად გადახდილი ფულადი თანხების წარმომავლობას ახვლედიანი ვერ ასაბუთებს და ეს გარემოებაც ასევე ქმნის მისი კორუფციაში ბრალდებისათვის თვითკმარ საფუძველს, კერძოდ:

2016 წლის 29 ნოემბერს, მ. ახვლედიანმა შეიძინა შპს ,,ოლიმპი თბილისი+“-ის (ანუ – ცნობილი სკოლა ,,ოლიმპის“) საერთო ჯამში 66%-იანი წილი: 16% წილი ნოდარ გიორგაძისაგან 280.000 აშშ დოლარად, 50% წილი კი შპს ,,ლამინორასგან“ 520.000 აშშ დოლარად; ანუ, საერთო ჯამში, გადაუხდია 800.000 აშშ დოლარი. ეს წილები, იმავე წლის 2 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაუფორმა მეუღლეს – ქეთევან აბესაძეს (50%) და შვილს – ნინი ახვლედიანს (16%). დანარჩენი 34% წილი დარჩა მამუკა ახვლედიანის სიძის, ანუ – ნინი ახვლედიანის მეუღლის – მანუჩარ გუგეშაშვილის საკუთრებაში.
ამ გარიგების გამომზეურებისთანავე, კითხვის ნიშნები გააჩინა ორმა გარემოებამ:
1) საიდან ჰქონდა 800.000 აშშ დოლარი მამუკა ახვლედიანს ხელზე, როცა ზემოთ აღნიშნული ქონება შეიძინა. ეს თანხა ხომ მოსამართლის დაახლოებით 40 წლის განმავლობაში გასაცემი ხელფასის ოდენობას უდრიდა.
2) რამდენად რეალური იყო თავად ნასყიდობის ფასის ოდენობა – 800.000 აშშ დოლარი, რადგან შეძენილი წილი უკავშირდებოდა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მდებარე 3079 მ2 მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ, გარემონტებულ, ფუნქციონირებად შენობა-ნაგებობას.
1-ლი კითხვის საპასუხოდ, მ. ახვლედიანმა განმარტა, რომ ნასყიდობის საფასური ,,პროკრედიტბანკის“ მიერ გაცემული კრედიტით დაიფარა, რაც აშკარა სიცრუეა: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 20 დეკემბერს, ანუ – ქონების შეძენიდან 21 დღის შემდეგ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ შეძენის მომენტში აღნიშნული 66% წილი დატვირთული იყო გირავნობით კერძო პირ რუსუდან ბუაძის სასარგებლოდ. მ. ახვლედიანმა რუსუდან ბუაძეს, იმავე წლის 13 დეკემბერს, გადაუხადა 1.600.000 აშშ დოლარი და ქონება გირავნობისაგან გაათავისუფლა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება ,,პროკრედიტბანკთან“, რის საფუძველზეც ამ ბანკმა გასცა საბანკო კრედიტიც.
ამდენად, მამუკა ახვლედიანმა მორიგ ჯერზე იცრუა, როცა განაცხადა, რომ ბანკმა კრედიტი გასცა უზრუნველყოფის გარეშე იმიტომ, რომ მ. ახვლედიანს ენდობოდა. ასეთი რამ ისედაც წარმოუდგენელია, დამკვიდრებული საბანკო პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთი ბანკი ამ ოდენობის საკრედიტო ხაზს, უზრუნველყოფის გარეშე, არავის უხსნის.

ამდენად, ცხადი გახდა, რომ მ. ახვლედიანმა, 2016 წლის 29 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საერთო ჯამში 2.400.000 აშშ დოლარი (800.000 + 1.600.000) გადაიხადა ქონების შეძენასა და ამ ქონების გირავნობისაგან გასათავისუფლებლად. ამ თანხის წარმომავლობა უცნობია.

რაც შეეხება მე-2 კითხვაზე პასუხს. მ.ახვლედიანმა განმარტა, რომ ,,პროკრედიტბანკმა“ მასზე კრედიტი გასცა ,,მისი პირადი ავტორიტეტის“ გათვალისწინებით და კრედიტის ვადაც გაუზარდა 10 წლამდე.

სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 3.000.000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც დაიტვირთა შპს ,,ოლიმპი თბილისი+“-ის 100% წილი. ამდენად, ცხადი გახდა კიდევ ერთი ფაქტი: დამკვიდრებული საბანკო პრაქტიკის თანახმად, არც ერთი ბანკი ქონების უზრუნველყოფით კრედიტს არ გასცემს, თუ გირავნობით ან იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება 2.5–3-ჯერ არ აღემატება კრედიტის ოდენობას. შესაბამისად, გამოდის, რომ შპს ,,ოლიმპი თბილისი+“-ის 100% წილის რეალური ღირებულებაა 7-9 მილიონი აშშ დოლარი; ამ გათვლით კი 66% წილის რეალური ღირებულება 4.600.000-დან დაახლოებით 6.000.000 აშშ დოლარამდე მერყეობს!

რა პირად ავტორიტეტზე შეიძლება იყოს საუბარი: რას წარმოადგენს ასეთს ბანკისთვის უმუშევარი ვინმე მ. ახვლედიანი, რომელსაც აქამდე არანაირი ბიზნეს-წარსული და ბიზნეს-საბანკო ურთიერთობები არ ჰქონია და არც სხვა რაიმე სერიოზული ღირებულების აქტივი უფიქსირდებოდა 2016 წლის ივნისში შევსებული თანამდებობრივი დეკლარაციის მიხედვით. ამასთან, ბანკისთვის ბიზნეს-კრედიტის გაცემისას უმნიშვნელოვანესია სესხის ამღების ბიზნეს ისტორია, რაც მ.ახვლედიანს უბრალოდ არ გააჩნდა.

ასევე, მეტად საინტერესოა, როგორ აპირებს მ. ახვლედიანი კრედიტის თანხის დაფარვას? მინიმალური გათვლებით, 3.000.000 აშშ დოლარის დასაფარად ყოველთვიური გადასახადი არანაკლებ 10 ან 15 ათას დოლარს უნდა შეადგენდეს. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ბანკი კრედიტს იმ გათვლითაც იძლევა, რომ მსესხებლის სტაბილური შემოსავალი სულ ცოტა 2-ჯერ მაინც აღემატებოდეს ყოველთვიურად გადასახდელ თანხას. რა გამოდის, მ. ახვლედიანს ყოველთვიურად სულ მცირე 20-30 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს? საინტერესოა, ახდენს თუ არა ამ შემოსავლების დეკლარირებას, სათანადო წესით?

შეძენილი ქონების რეალური ღირებულება რომ 800.000 აშშ დოლარს არ შეადგენდა, შემდეგი ფაქტიც მეტყველებს:
ერთი და იმავე დღეს შეძენილ წილებში (16% + 50%) გადაუხდია სხვადასხვა თანხა, კერძოდ: 16%-ში გადაიხადა 280.000 დოლარი, მაშინ, როცა 50%-ში გადაუხდია 520.000 აშშ დოლარი; რით არის ასეთი დისპროპორცია გამოწვეული, აუხსნელია. ლოგიკურად, თუ 16% წილი ღირს 280.000 აშშ დოლარი, ე.ი. – 1%-ის ღირებულება ყოფილა 17.500 აშშ დოლარი და, ამ გათვლით, 50%-ის ღირებულება გამოდის 875.000 აშშ დოლარი და არა მ. ახვლედიანის მიერ მითითებული 520.000 აშშ დოლარი.

აი, ეს არის ღია ფაქტებიც, რომლებიც ხელის გულზე დევს. ჩემთვის აუხსნელია, რატომ არ აკმაყოფილებს ეს ინფორმაციები ბლინკენ-დეგნანისეულ ,,სანდო ინფორმაციის“ სტანდარტს, კორუფციაში ჩაბმულობის თვალსაზრისით, რაც საფუძვლად დაედებოდა მამუკა ახვლედიანის სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებას. არადა, იმავე სტანდარტით არის დასანქცირებული სასამართლო სისტემიდან 6 წლის წინ წასული ვალერიან ცერცვაძე.

ხომ ცხადია, რომ სახეზეა აშშ-ის მესვეურთა მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომის ფაქტი. რატომ აფარებენ ხელს მამუკა ახვლედიანს? იმიტომ, რომ იგი, უკმაყოფილოა რა სასამართლოს მენეჯმენტით, რომელმაც ის ამხილა და სისტემიდან დასაბუთებულად მიაბრძანა, მომენტს არ უშვებს, რათა ტალახი ესროლოს თავის კოლეგებს, ყოველთვის ჩაერთოს სასამართლოს წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ამიტომ იქცა ის ამერიკელთათვის ,,ექსპერტად“, ამ კაცს დაატარებენ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში, მისი მოსაზრებით ყოველთვის ინტერესდებიან მასმედიის საშუალებები და ა.შ.

ეს იმ ფონზე, როცა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, ელჩის დავალებით, მის მიერ გამოტანილ განაჩენთან ანგარიშს სთხოვს საელჩოს წარმომადგენელი, ხოლო გვარამიას ზღვარგადასული ქმედებები, რომელიც მოქმედ მოსამართლეს ფინანსურ სარგებელს ჰპირდებოდა მის მიერ საკუთარი მდგომარეობის ანგარებით გამოყენების სანაცვლოდ, ასევე – საშინელი ბულინგის, მორალური ტერორის ქვეშ ამყოფებდა ,,რუსთავი 2“-ის საქმის გამხილველ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებსაც კი (ეს ქმედებები მკაფიოდ დაგმო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი No 16812/17), იმ მოტივით, რომ ნიკა გვარამიამ დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადააბიჯა, როცა მოსამართლეს ტელეეთერით მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა – იხ: 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება) – დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე“, – წერს ქადაგიძე.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.