ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკის სიახლოვეს რუსული ნაღმი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ Telegram-ზე ავრცელებს.
„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ბაზად გადაქცევას სადგურის გარშემო ტერიტორიის დანაღმვით და არ შეიძლება, ამან არ გამოიწვიოს შედეგები. წყაროების ცნობით, მე-4 ენერგობლოკის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. როგორც თავად ბირთვულმა ტერორისტებმა განაცხადეს, მათი ნაღმი აფეთქდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უკრაინული გამოცემა Unian წერს, აფეთქების ხმები უკრაინელმა ბირთვულმა მეცნიერებმა გაიგონეს, რომლებიც სადგურის ტერიტორიაზე მუშაობენ.
„ამავდროულად, ოკუპანტები ცდილობდნენ, „დაემშვიდებინათ“ ისინი და ასევე, დაეფარათ კვალი, რომ ეს არ დაენახათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს“, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებენ.