ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა , – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა, თვითონ კი სრულიად შემთხვევით მოხდა „ამ აურზაურში“.
„ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები, „კახი კალაძის მონები ხართ“, „სადამსჯელო რაზმი ხართ“. ამასთან, დედაჩემს, რომ ასე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა.
მე ვარ თანამდებობის პირი და შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამიტომ უნდათ ამის გამოყენება პოლიტიკურად“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.
კიდევ ერთი ბრალდებულის, მირიან სვანაძის თქმითაც, დაპირისპირების პროვოცირება თავად ეძგვერაძის მხრიდან მოხდა.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ბრალდებულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
უფრო კონკრეტულად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულები არიან: მირიან სვანიძე, გიორგი ქიშმარია, ტატო ხუნდაძე, ელგუჯა ჩოხელი, ლაშა ამირანაშვილი და ბექა ავსაჯანაშვილი.
პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განმარტა, დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.
ადვოკატებმა კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის მხარის მტკიცებით, აბსოლუტური სიცრუეა ის, რაც ბრალდების დადგენილებაში წერია, ისე როგორ სიცრუეა ის, რომ საქმეს ჰყავს დაზარალებული. შესაბამისად, მათივე თქმით, პატიმრობის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.