აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაკავების საფრთხის გამო, მოერიდონ რუსეთში მოგზაურობას

27
spot_img

აშშ-ის მოქალაქეები უნდა მოერიდონ რუსეთში მოგზაურობას, რადგან ქვეყანაში მათი დაკავების რისკი არსებობს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

“ამერიკის არცერთმა მოქალაქემ არ უნდა განიხილოს რუსეთში მოგზაურობა რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს, რადგან ისინი დაკავების რისკის ქვეშ არიან”, – თქვა მილერმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ითხოვს საკონსულო წვდომას რუსეთში დაკავებული ამერიკული პასპორტების მფლობელებთან. „ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ბევრი რეგულარული კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ჩვენი საელჩო აგრძელებს ამ საკითხის რეგულარულ საფუძველზე წინ წამოწევას“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან, მილერის თქმით, ვაშინგტონი მუშაობს რუსეთში უკანონოდ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებაზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ურჩია ამერიკელებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. 2022 წელს რუსეთი მოხვდა D ჯგუფში ამერიკის მოქალაქეების დაკავების რისკის გამო. ამ ჯგუფში ასევე შედის ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი და ვენესუელა.

2023 წელს ეკატერინბურგში დააკავეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. ის გახდა პირველი ამერიკელი ჟურნალისტი 1986 წლის შემდეგ, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეფ-ეს-ბეს ცნობით, გერშკოვიჩმა, „ამერიკის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე“, შეაგროვა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით წაუყენეს (ჯაშუშობა, მაქსიმალური სასჯელი – 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). გერშკოვიჩი უარყოფს თავის დანაშაულს.