„გამოკითხვის მიხედვით, ევროპელთა მხოლოდ 10%-ია დარწმუნებული, რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს“

40
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილია სტატია სათაურით „გამოკითხვის მიხედვით, ევროპელთა მხოლოდ 10%-ია დარწმუნებული, რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს“ (ავტორი – ჯონ ჰენლი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინისადმი მხარდაჭერა ევროპელთა შორის ჯერ კიდევ ფართო რჩება, მაგრამ ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში კომპანიების Datapraxis-სა და YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული გამოკვლევის მიხედვით,  მხოლოდ 10%-ს თუ სჯერა, რომ კიევი მოსკოვს დაამარცხებს. 20% დარწმუნებულია, რომ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, ხოლო რესპონდენტთა უმეტესობა თვლის, რომ ყველაზე სავარაუდო საბოლოო წერტილად ომის დასრულების საკითხში „კომპრომისული დარეგულირება“ წარმოადგენს.

როგორც გამოკვლევა მოწმობს, ევროპელთა განწყობა საკმაოდ შეცვლილია: თუ შარშან ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინამ მტრის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოსო, დღეს უკვე ლაპარაკია უფრო „რეალისტურ“ მიდგომაზე, რაც სინამდვილეში  კომპრომისულ მშვიდობას ნიშნავს.

გამოკითხვა ჩატარდა იანვარში, ანუ მანამ, სანამ რუსეთის არმია ავდეევკას დაიკავებდა. მასში მონაწილეობდა 12 ქვეყნის – ავსტრიის, საფრანგეტის, გერმანიის, საბერზნეთის, უნგრეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, რუმინეთისა და შვედეთის – მოსახლეობა.

„ევროპელმა ლიდერებმა, უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად,  უნდა შეცვალონ თავიანთი რიტორიკა, თუ რას და როგორ ლაპარაკობენ უკრაინის შესახებ. მათი უნდა ისარგებლონ დამარწმუნებელი არგუმენტებით სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების წინაშე. დიახ, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისადმი სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას, თუმცა პარალელურად მოლაპარაკებაც უნდა დაიწყოს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც მომგებიანი იქნებოდა კიევისათვის და არა ვლადიმერ პუტინის გამარჯვებისათვის“, – ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი მარკ ლეონარდი საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოდან.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმ ევროპულ ქვეყნებშიც კი, სადაც ყველაზე ოპტიმისტურად უყურებენ კიევის სამხედრო ძალისხმევას – პოლონეთში, შვედეთსა და პორტუგალიაში, უკრაინის გამარჯვებისა სჯერა რესპოდენტთა მხოლოდ 17%-ს.

გამოკვლევის შედეგები ასევე მოწმობს უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომების გავლენას ევროპაზე, რომლის თანახმად, ევროპელთა 33% აცხადებს, უკრაინის ომმა მათ ქვეყანაზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა, ვიდრე ისრაელ-„ჰამასის“ ომმა, და მხოლოდ 5% თვლის პირიქით.

წყარო