არაფერი შეიცვალა იმ კუთხით, რომ „ჭინკები“ არსად გამქრალან-დავით ქართველიშვილი

109
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ პოლიტიკურ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რადიკალური ოპოზიცია, „გლობალური ომის პარტიასთან“ ერთად, საქართველოსთვის ზიანის მოტანის სხვა გეგმებზე გადავა.

„დღეიდან ჩვენთვის არაფერი შეიცვალა იმ კუთხით, რომ „ჭინკები“ არსად გამქრალან, უბრალოდ, თავის მავნებლობის ახალ „ლეველზე“ გადადიან და ახალ გეგმებს ხლართავენ.

არ შეცვლილან არც მათი კურატორები – გარეგნულმა სიმშვიდემ შეცდომაში არ შეგვიყვანოს. ორმაგი ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ მოვლენებს – თავაზიანობისა და ზრდილობის პრიზმაში.

არაფერი შეიცვალა არც ჩვენი „სასარგებლო იდიოტების“ პერიოდული „პროდუქციით“ მოსარგებლე ჩვენს ჩრდილოელ „დაუძინებელ მეგობრებში“. ამ „მეგობრობის“ გადაფორმატების ფორმულაც არ შეცვლილა – დაშვებული დანაშაული უნდა გამოსწორდეს, „რამდენიმე საქართველოსთან“ საქმის დაჭერას ადგილი არ ექნება – საქართველო არის ერთი და ერთადერთი, რა თქმა უნდა, მასში მცხოვრები ყველა ეთნოსისა თუ კონფესიის უფლებების დაცვისა და პატივისცემის საფუძველზე.

უცვლელია ასევე ჩვენი, ქართველების საბაზისო ღირებულებების „ქეისი“, რომელსაც ვერც ერთი დათქმა თუ რეკომენდაცია ვერ შეარყევს. ევროპის რეალური ფასეულობები დღეს საქართველოშია დაცული და ჩვენ მზად ვართ, გონივრული სიფრთხილით, ვუწილადოთ ისინი ამისთვის მზადყოფნაში მყოფ ევრო-სუბიექტებს.

ზუსტად იმ ფორმულით, რომელიც გაახმოვანა უნგრეთის პრემიერმა: „თქვენ დღეს სჭირდებით ევროკავშირს!“ – და რაც არ თქვა, მაგრამ დიდი ალბათობით, იგულისხმა: „ამ ეტაპზე ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ის გჭირდებათ თქვენ“. ასე, რომ ფხიზლად ვართ, კარგად ვართ და ღვთის ნებითა და ხელშეწყობით, სხვაგვარად ყოფნას არც ვაპირებთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.