,,არ მქონია კონტაქტი პოლონელ ექიმებთან”- გიული ალასანია

92
spot_img

არ მქონია კონტაქტი პოლონელ ექიმებთან, არც საელჩოსთან, ტელევიზორით რაც ვნახე, არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა, ყველას შეიძლება, სადღაც რაღაც გვედოს, ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? ქაღალდი ცარიელი ჩანდა. მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა პენიტენციური სამსახურის მიერ 14 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან აღნიშნული ფაქტის შესახებ არაფერი იცის.

„არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია არავისგან, რადგან საერთოდ არ მქონია კონტაქტი არც პოლონელებთან, არც საელჩოსთან. ვიცი მხოლოდ ის, რაც ვნახე ტელევიზორით და ვერაფერს ვიტყვი. რაც ვნახე, იმან არანაირი შთაბეჭდილება არ შემიქმნა. ყველას შეიძლება რაღაცა გვედოს სადღაც რაღაცისთვის. ვინ თქვა, რომ ბიოლოგიური მასალა იყო? მე არ მომისმენია. მე დავინახე, ქაღალდი გაიშალა და ის ქაღალდი ჩანდა ცარიელი, მეტი არაფერი ჩანდა და რა ბიოლოგიური მასალა. მაშინ ეს ყველაფერი დასაბუთებულად უნდა გვაჩვენონ. მე ეს ვერ დავინახე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანია მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადასა და ევროპარლამენტარების მიმართვის გადაფარვას.

„ამ დღეებში ჩემთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ერთი იყო უკრაინის რადას მიერ ერთხმად მიღებული მიმართვა, მეორე – ევროპარლამენტარების. 44 ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, ისევ ეხებოდა ჩემი შვილის გათავისუფლებას და ვარ ძალიან მადლობელი ამ ხალხის, ვინც აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა და განახორციელა. ვფიქრობ, ამის გადასაფარად მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განმარტებით, როგორ აქვს ინფორმაცია, პოლონელმა ექიმებმა საქართველო დატოვეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანია ამბობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ისევ იგივე მდგომარეობაა, წევს. ჭამის დროსაც ვერ დგება, რომ ჩამოჯდეს ნორმალურად. პრობლემა არის ყველანაირი, ჭამაც პრობლემაა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.