არ გვაქვს უფლება ახალ წელს დავივიწყოთ, რომ რუსეთის ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ ყოველდღიურად გრძელდება, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ბრძოლაში, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული ღირებულებები ცეცხლის ქვეშაა. პუტინს სურს ჩაახშოს უკრაინის თავისუფლებისკენ სწრაფვა და ემუქრება მთელი ევროპის მშვიდობას”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს ბომბებით, რაკეტებითა და არტილერიით სამშობიარო სახლებისა და საცხოვრებელი სახლების განადგურებას, ამიტომ მნიშვნელოვანია უკრაინის უზრუნველყოფა გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით, ასევე Patriot-ისა და Iris-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს ბევრად უფრო საშინელი შედეგები.