“აპელირება იმაზე, რომ მევახშეობა დიდი პრობლემაა, არ გვათავისუფლებს კანონისადმი პატივისცემისა და მისი დაცვის აუცილებლობისაგან”

22
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მორალურად მძიმე მდგომარეობა არ ამართლებს კანონის უგულებელყოფას, ვინაიდან, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთია.

„აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინაში მყოფთ ბინის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ისინი ბინიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონება გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნდება.

შეთანხმებაზე ხელმოწერა დაადასტურა ბინის ყოფილმა მფლობელმა მარინა ხატიაშვილმა.
დოკუმენტი რომელიც მხარეებმა 24 იანვარს გააფორმეს ადასტურებს, რომ დარეჯან დვალი ქონებას ერთი თვის განმავლობაში არ გადაყიდის და ქონება იქნება დალუქული. კარგია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება ცივილური ფორმით მოხდა და იმედია ორივე მხარე საკითხის სრულად გადასაწყვეტად შეთანხმებისამებრ იმოქმედებს.

საქართველოს პროკურატურამ გამოსახლების დროს ორ პირს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ პატიმრობასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

კითხვა რამდენად სამართლიანია ეს ყოველივე, უადგილოა, რადგან მორალურად მძიმე მდგომარეობა არ ამართლებს კანონის უგულებელყოფას. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში სადაც კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა. კანონთან დაპირისპირება და აპელირება იმაზე, რომ მევახშეობა დიდი პრობლემაა (ეს საკითხი მართლაც მოსაწესრიგებელია) არ გვათავისუფლებს კანონისადმი პატივისცემისა და მისი დაცვის აუცილებლობისაგან. სამწუხაროდ, სამართალი არ ცნობს ემოციებს! კანონი კრძალავს სხვისი ქონების დაზიანებას, ხელყოფას.
კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას განურჩევლად პირისა“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.