ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატოში სრულფასოვანი წევრობა. რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპის გარეშე თუ მაპთან ერთად, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ამას უკვე დრო და გარემოებები განაპირობებს, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.
„ჩვენი ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის, გამახვილებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მილიტარიზაციას, ოკუპაციას და დეოკუპაციას შეეხება და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს სრულფასოვან წევრობას. ჩვენ ჩვენს ნატოელ კოლეგებს ყოველთვის ვახსენებთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ მიზანს წარმოადგენს ნატოში სრულფასოვანი წევრობა. დღეს მოცემულობა ასეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს სწორედ ნატოს მხრიდან და ამჯერად ბურთი სწორედ ნატოს მხარესაა და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას“, – განმარტა ვიქტორ დოლიძემ.