“გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე”-ბერბელ ბასი

101
spot_img

საქართველოს ვამხნევებ, განახორციელოს რეფორმები და გერმანიის სახელით, ვაცხადებ, რომ გერმანია მხარს უჭერს მას ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრ სფეროში აქვთ პარტნიორული ურთიერთობები. პარლამენტარები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში; GTZ-ის მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს და ეს პროექტები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს პარლამენტებს შორის. დიდი ხანია, გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას.

რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ მე გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან.

გასულ წელს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ძალიან ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ პრაიდ ფესტივალის ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზე დავუბრუნდები. თუმცა, საქართველოს მე ვამხნევებ, განახორციელოს რეფორმები და გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ბასმა.