ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა -ნიკოლ ფაშინიანი

48
spot_img

ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობგადამტანი, ელექტორგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და აშენებით.

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტური გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს.

„პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან; მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი საშუალებით. აქვე ვიტყვი, რომ უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ; მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის; მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ბოლო ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ აზერბაიჯანის მხარე თავის შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე​​ და აღნიშნა, რომ, ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.

„ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.