ამერიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
34 წლის სანტოსი „რესპუბლიკელია“, ის წარმომადგენელთა პალატაში ნიუ-იორკის მესამე ოლქიდან, 2022 წლის ნოემბერში, შუალედური არჩევნების დროს აირჩიეს. თანამდებობაზე არჩევიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი რეზიუმეს დიდი ნაწილი გაყალბებული იყო.
ბრალდების თანახმად, სანტოსის მიერ მითითებული ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბია. გარდა ამისა, მან დაარღვია საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონები. ჯორჯ სანტოსმა ასევე მოიტყუა, როდესაც მიუთითა, რომ მისი ბებია და ბაბუა ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჯორჯ სანტოსმა ასევე შექმნა ცხოველების უფლებების დამცველი ყალბი საქველმოქმედო ფონდი.
სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე „შეალამაზა“, თუმცა დანარჩენ ბრალდებებს, მათ შორის ქურდობას ის უარყოფს. ის პოლიციას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.
კონგრესმენს ბრალი ედება თაღლითობის 7 ეპიზოდზე, ფულის გათეთრების 3 ეპიზოდზე, სახელმწიფო სახსრების მითვისების ერთ ეპიზოდსა და წარმომადგენელთა პალატაში ყალბი განცხადებების გაკეთების 2 ეპიზოდზე.