ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია კოლექტიური პოლიტიკური და მორალური ჩავარდნის შედეგია -ჯოზეფ ბორელი

92
spot_img

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია კოლექტიური პოლიტიკური და მორალური ჩავარდნის შედეგია, – ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის დიპლომატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ისრაელისა და პალესტინის ხალხი დღეს დიდ საფასურს იხდის ამ ჩავარდნისთვის, და ეს საფასური გაიზრდება. ეს მორალური და პოლიტიკური ჩავარდნა გახლავთ ისრაელისა და პალესტინის პრობლემის გადაჭრის სურვილის რეალური ნაკლებობის შედეგი“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელებს აქვთ როგორც მორალური, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჩართულები იყვნენ ამ პრობლემის გადაჭრაში.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცე და დაბალანსებული პოზიციის დაცვა და ყველა საშუალებით ავიცილოთ ამ კონფლიქტის ევროპაში შემოტანა“, – განაცხადა ბორელმა და მიუთითა, რომ ბოლო დღეებში ევროპაში ანტისემიტიზმმა იმატა, რაც მიუღებელია.

ჯოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ჰუმანიტარულ პაუზას და ღაზის სექტორიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეთა გამოყვანას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყოვლისმომცველ და საბოლოო გამოსავალზე ფიქრი, რაც დღეს აშკარად არ არის მიღწევადი“, – განაცხადა ბორელმა.