საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს შემოთავაზებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს.
„სრულიად მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით!
ახლა ორივე ხელით უნდა ჩავაფრინდეთ ამ უნიკალურ შანსს, სანამ შესაძლებლობების ფანჯარა მორიგ ჯერზე ჩაგვეკეტება“, – წერს სააკაშვილი.
ის ასევე ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტს თავად მიანიჭა დავით აღმაშენებლის სახელი და აცხადებს, რომ ამ წლებში ხშირად უნანია ამ აეროპორტის არსებობა ქართველების ქვეყნიდან გადინების გამო.
„ქუთაისის აეროპორტი ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად ავაშენეთ, 2008 წელს რუსების მიერ ნახევარტონიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის აეროპორტის ნაცვლად, მე თავად მივანიჭე მას დავით აღმაშენებლის სახელი.
2012 წელს მთავრობამ ერთ-ერთ პირველ ბრალდებად წამიყენა ამ აეროპორტზე დახარჯული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, შემდეგ შემოვიყვანეთ ვიზიარიც.
ამ წლებში ხშირად მინანია ამ აეროპორტის არსებობა, იმდენი ქართველი გადის იქიდან სამუდამოდ“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუკზე“.
ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს აშშ-ს საელჩომ, საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტისას გაავრცელა განცხადება, რომ შეერთებული შტატები მზად არის ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმაროს.