ადეიშვილი ვიღაცას სადღაც ევროპაში თუ შეხვდება, ეს არც დიდი ამბავი და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს თქმით, ბუნდესტაგში ვერ დაიწყებდნენ იმის გარჩევას, უკრაინის დელეგაციაში ვინ რა სტატუსით იყო.
„მსგავსი ბრალდებების მქონე ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ვიღაცებს ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ამაზე განსაკუთრებული პანიკა არ ყოფილა. ეს ადამიანი გაქცეულია და ვიღაცას სადღაც ევროპაში შეხვდება, ეს არც დიდი ამბავი და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია.
ერთ-ერთი პოლიტდევნილის ჩვეულებრივი შეხვედრებია ევროპაში, ყოველ შემთხვევაში, ის თავს ასე აღიქვამს. რა თქმა უნდა, ცინიზმია, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში სასამართლო რეფორმაზე საუბრობს. ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის სასამართლო გადაბარებული „ქოცები“ ადეიშვილს აკრიტიკებენ, როცა ევროპაში სასამართლოს რეფორმაზე საუბრობს. მგონი, ბუნდესტაგში ნამდვილად ვერ დაიწყებდნენ იმის გარჩევას, უკრაინის დელეგაციაში ვინ რა სტატუსით იყო და როგორ ჩავიდა. რაღაც უხერხულობა შეიძლება იქაც იყო, მაგრამ პროტოკოლი ითვალისწინებს ასეთი უხერხულობების გადახარშვას. როგორც გავიგეთ, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა აღარ არის, შესაბამისად, უცხო ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ბუნდესტაგში წავიდა, რომელიც ქართულ ხელისუფლებას არ მოსწონს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.