ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავუკეთოთ საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია სახალხო დამცველის აპარატმა ინტერესის შემთხვევაში, ზედამხედველობა გაუწიოს დავით კეზერაშვილის საქმეს, რომელზეც ახლახან “ბიბისიმ” სტატია გამოაქვეყნა.
მისი თქმით, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რამდენად იქნება ეს სახალხო დამცველის მანდატში.
“სახალხო დამცველის მიმართ ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია.
ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით,” – განაცხადა იოსელიანმა.