რუსეთში წვევამდელებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ

45
spot_img

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ელექტრონული გაწვევის ფორმას აწესებს და წვევამდელებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში გამოცხადებამდე ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. ამასთან, ცვლილებები გაწვევის მიღების შემდეგ გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირებზე სესხების გაცემას და მათთვის ავტომობილის მართვის უფლებასაც აკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რუსეთის საკანონდებლო ორგანომ მის განხილვამდე გამოაქვეყნა.

Forbes-ის რუსული გამოცემის მიხედვით, კანონში შესატანი ცვლილებები მეორე განხილვის შემდეგ, საბოლოოდ კი მესამე განხილვაზე მიიღეს. განხილვის პროცესი პირდაპირ გადაიცემოდა. ამ ეტაპისთვის კანონი ფედერალურმა საბჭომ უნდა დაადასტუროს [რომელიც 12 აპრილს გაიმართება], პრეზიდენტმა კი ხელი უნდა მოაწეროს.

Forbes-ის ცნობით, ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში იყო მიღებული, თუმცა დუმამ გადაწყვიტა 6 აპრილს კანონპროექტი მეორე განხილვის ეტაპზე დაებრუნებინა და ის თავიდან ცვლილებათა დიდი ჩამონათვალით განეხილა. კანონპროექტი მასში შეტანილი ცვლილებებით 11 აპრილს, მის განხილვამდე გამოქვეყნდა, რამაც დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. კანონმდებლების ნაწილი თვლის, რომ მათ 80-გვერდიანი ცვლილებების შესწავლის საშულება უნდა ჰქონოდათ.

კანონპროექტის მიხედვით ელექტრონული გაწვევის ცნობა გათანაბრებულია ქაღალდზე დაბეჭდილ ცნობასთან. მათი მიღების შემდეგ კი წვევამდელებს შესაბამის სამსახურში გამოცხადებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

აკრძალვის შემოღებისა და მოხსნის შესახებ ინფორმაცია ერთიან რეესტრში ფორმდება და “სახელმწიფო სამსახურების” პირად ანგარიშებზე, ასევე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში იგზავნება.

კანონის მიხედვით, წვევამდელი დაწესებულებაში გაწვევის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი ზომები იქნება გამოყენებული, რაც ინდივიდუალური მეწარმეების და თვითდასაქმებული პირების რეგისტრაციის აკრძალვას, მანქანების მართვისა და მათი სახელმწიფო რეგისტრაციის აკრძალვას, საკადასტრო აღრიცხვაზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ან უძრავი ქონების უფლების რეგისტრაციის აკრძალვასა და სესხზე უარის თქმა მოიცავს.

კანონის მიხედვით, ის პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან და რომლებსაც გამოძახება გაწვევის პერიოდში არ მიუღიათ, აღრიცხვისა და სამხედრო გაწვევის ოფისში გაწვევის პერიოდის პირველ ორ კვირაში თავად უნდა გამოცხადდნენ.

კანონი ძალაში ხელმოწერისთანავე შევა, თუმცა ერთიანი რეესტრის ფუნქციონირების დაწყებამდე ყველა საქმიანობა ხორციელდება სისტემის გამოყენების გარეშე განხორციელდება.