,,პარტნიორმა, ამ შემთხვევაში აშშ-მა, თამაშის წესები არ დაიცვა ”- გურამ მაჭარაშვილი

68
spot_img

„პარტნიორმა, ამ შემთხვევაში აშშ-მა, თამაშის წესები არ დაიცვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამამართლებელ არგუმენტებსაც არ გვეუბნებიან. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამ არგუმენტებს არასდროს გვეტყვიან. ამით ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ უნდათ, კონტროლი დააწესონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, რადგან ეს არ გამოუვიდათ პარლამენტში, მთავრობასა და ქუჩის პროცესებში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უარს აცხადებს, რომ არგუმენტები წარმოადგინოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების ფაქტზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკა ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„ვიდრე გადავალთ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, გაასაჩივროს სანქციების დაწესების ფაქტი თავად შეერთებულ შტატებში, გავიხსენოთ ის, რასაც „ხალხის ძალა“ პირველივე განცხადებიდან ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ამერიკასთან და ევროპასთან პარტნიორობა, მაგრამ თამაშის გარკვეული წესები უნდა ვიცოდეთ და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა დავიცვათ. პარტნიორმა, ამ შემთხვევაში აშშ-მა, თამაშის წესები არ დაიცვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამამართლებელ არგუმენტებსაც არ გვეუბნებიან. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამ არგუმენტებს არასდროს გვეტყვიან. ამით ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ უნდათ, კონტროლი დააწესონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, რადგან ეს არ გამოუვიდათ პარლამენტში, მთავრობასა და ქუჩის პროცესებში. უკვე დიდი ხანია, ამბობენ, რომ რაღაც კორპორაცია და კლანი არსებობს, მაგრამ ვერ დაამტკიცეს.

ეს ვენეციის კომისიამაც კი ვერ ჩაწერა ეს დასკვნაში. მან თქვა, რომ არასამთავრობო სექტორი საუბრობს კორპორაციების არსებობის შესახებ, მაგრამ რადგან სამართლებრივად არ იქნებოდა გამყარებული, ვენეციის კომისიამაც კი ვერ თქვა [დაზუსტებით]. ამ ფონზე აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ მისი კანონმდებლობა ავალდებულებს, პარტნიორი ქვეყნის მოსამართლეებს სანქციები დაუწესოს. ეს შეურაცხმყოფელიცაა, დაცინვაც და საკუთარი თავის კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაყენებაც. ტელეკომპანია „იმედზე“ ვნახეთ, რომ ელჩმა ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა. ვერც უპასუხებდა, რადგან არგუმენტები არ არსებობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მტკიცებულება, მისი პასუხი იყო, რომ მტკიცებულება აქვს, მაგრამ არ გვეტყვის. სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, როდესაც საზოგადოების რეაქცია ნახეს, თვითონაც მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და არასწორი ნაბიჯი გადადგეს. ეს ხომ მხოლოდ პოლიტიკური პროცესი არ არის. ხელისუფლების მესამე შტოში ერევიან, რითაც არღვევენ სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარეობდა საზოგადოების რეაქციაც და სწორედ ამიტომ თქვეს შემდეგ, რომ ეს არის არა ფინანსური, არამედ მხოლოდ სავიზო სანქცია. თუკი ქართული მართლმსაჯულების რეიტინგი გვაინტერესებს, გადავხედოთ „იფსოსის“ საერთაშორისო ინსტიტუტის, ამერიკის ინსტიტუტებისა და ევროკომისიის კვლევას.

სულ ახლახან მსოფლიოს კვლევითმა ცენტრმაც – „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“, მეცხრე ჯერზე, ქართული მართლმსაჯულების კვლევის შედეგად, მოგვანიჭა პოზიტიური ქულა. გამოდის, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, რომელსაც ევროპის ინსტიტუტებიდან დაწყებული, ამერიკის ინსტიტუტებით დამთავრებული, ყველა პოზიტიურ ქულას ანიჭებს, სანქციებს უწესებენ, ხოლო პატიმარ სააკაშვილს, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ დამნაშავე სისტემის შემქმნელად გამოაცხადა, აჯილდოებენ. ამას საზოგადოება ხედავს და ასეთ დიდ უსამართლობას ვერ მიიღებს! აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აშშ-ის მხრიდან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება ყველა შემთხვევაში იყო ძალიან მცდარი ნაბიჯი და დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ამას ჩვენ ვნახავთ. როდესაც ქვეყანა გვიმტკიცებს, რომ ჩვენი პარტნიორია, ამ დროს კი სანქციებისა და ომის გაჩაღების ენით გვესაუბრება – მოსამართლეში ფული გადავიხადე და რომ დავიბარო, რა მოხდაო, ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება არ მიიღებს!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.