“ოპოზიციამ დაამკვიდრა საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა”-რატი ბრეგაძე

49
spot_img

ოპოზიცია, ბრჭყალებში ოპოზიცია, ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ ეწევა რეალურად პოლიტიკურ საქმიანობას, და თამამად შემიძლია, ვთქვა ისიც, რომ ისინი სარგებლობენ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ამის დასტურია, თუნდაც, ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ იხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია და შემდგომ, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია, მაშინ, როდესაც იხურებოდა საგაზაფხულო სესია – ეს იყო ბოლო სხდომა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აქ ჟღერდება საქართველოს ჰიმნი და, მათ შორის, ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტშიც ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს თავისი აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის მიმართ; და, ასევე, ეს, პირველ რიგში, არის მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა. მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა და, ფაქტობრივად, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ შორის, არსებობს კადრებიც, როდესაც ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდადებულ სააკაშვილის, სახელი და საზოგადოება, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხედავს, რომ პიროვნების ამგვარი კულტი, მათ შორის, შეშურდებოდათ ბოლშევიკებსაც და არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის, და ეს, თუნდაც, საარჩევნო კლიპში არის გამოხატული. ისინი, ფაქტობრივად, საკუთარ საარჩევნო კლიპში ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ხოლო ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი, მათ შორის, საქართველოს და ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ნათელი სხვაობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.