„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია – პრემიერი

21
spot_img

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, „თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი“.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მზაობა, დავსხდეთ, საჯარო დისკუსიის ფორმატში, ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ. იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა. ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია, საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში. ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რატომ? – იმიტომ, რომ ალტერნატივა გამჭვირვალობას არ აქვს. შეუძლებელია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გვქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება. ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია. ამიტომ არ მოსწონთ ვიღაცებს, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ამერიკაში, ცუდია საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, არგუმენტები ჩვენ მხარესაა. მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტია საერთაშორისო პრაქტიკა, არგუმენტია თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი, ამის გამო რეალურად ვერავინ შემოდის საჯარო დებატებში ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უნდა გაკეთოს საკუთარი დასკვნები, იმასთან დაკავშირებით რატომ გრძელდება უხეში, უსაგნო კრიტიკა“,- განაცხადა კობახიძემ.