2014 წლის 16 მარტს ყირიმის მცხოვრებლებმა გააკეთეს მტკიცე, ცალსახა არჩევანი – სამუდამოდ ყოფილიყვნენ რუსეთთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წიგნის “ყირიმი. ისტორიის გვერდები უძველესი დროიდან დღემდე” მკითხველებისადმი მიმართვისას განაცხადა.
პუტინის თქმით, ყირიმელებმა და სევასტოპოლის მცხოვრებლებმა „რუსეთთან სამუდამოდ ყოფნა აირჩიეს“.
„სევასტოპოლელებისა და ყირიმელებისთვის ჭეშმარიტად გარდამტეხი მომენტი იყო 2014 წლის 16 მარტი – დღე, როდესაც მათ გააკეთეს მტკიცე, ცალსახა არჩევანი – სამუდამოდ ყოფილიყვნენ რუსეთთან. დღეს, ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ყირიმის ისტორია რუსეთის ისტორიისგან განუყოფელია.
„ყირიმის ისტორია განუყოფელია ჩვენი სამშობლოს ისტორიისგან. უძველეს მიწაზე არის ჩვენი ხალხის სალოცავები, არქეოლოგიისა და კულტურის უნიკალური ძეგლები“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთს უკრაინის ტერიტორია, კერძოდ ყირიმი 2014 წლის 18 მარტის შემდეგ აქვს ანექსირებული. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „ყირიმის რესპუბლიკისა“ და ქალაქ სევასტოპოლის სახით.