დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს

26
spot_img

25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, იმპერატორ თეოფილეს მეფობიდან იღებს სათავეს, როდესაც ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა.

ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშევრდომებმა ხატების დევნა დაიწყეს. მეფის ბრძანებით, ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად აოხრებდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებლებს, არბევდნენ სიწმინდეებს, ხატებს.ამ დროს ქალაქ ნიკეაში ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვა. ერთ–ერთმა მათგანმა მას მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა.

თავზარდაცემული მხედარი, გადმოცემის მიხედვით, მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაჰპირდა, ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. შემდეგ ზღვის პირას წაიღო. იქ მიწაზე დაემხო და სთხოვა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისაგან, ხოლო თავისი წმინდა ხატი – ზღვაში დანთქმისგან. ემთხვია ხატს და ზღვაში შეაცურა. დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე პირდაპირ აღიმართა და დასავლეთისკენ გაცურა.

 

ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა წმიდა ქალწულს და შვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმიდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია.

ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ შეღამებისას ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომლის წვერიც ცას იყო მიწვდენილი. ხილვა რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში მეორდებოდა. სხვადასხვა მონასტრიდან მეუდაბნოეებმა სანაპიროს მიაშურეს და დაინახეს, რომ სვეტი წყალზეაღმართულ ღვთისმშობლის ხატს ედგა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ, უფრო მეტად შორდებოდა ნაპირს. ივერიის მონასტრის ბერები ტაძარში შეგროვდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ სასწაულებრივად მოვლენილი ხატი მათთვის მიეძღვნა. ამ დროისთვის ივერიის სავანეში იმყოფებოდა ღვთისმოსავი ქართველი ბერი გაბრიელი, რომელიც ცხოვრობდა “ვითარცა მიწისა ანგელოსი და ზეცისა კაცი”.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმიდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: “შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.” გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში, საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: “მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო”. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება,  რის გამოც იწოდება “პორტაიტისად”, ანუ “კარიბჭის მცველად”.

 

ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და ამიტომ ხატს “ივერიის ღმრთისმშობელსაც” უწოდებენ. ხატის წინ ანთია დიდი, მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელისა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე:

ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმიდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურგია აღესრულება.

 

საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული.

სიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. პორტაიტისას ასლი წმიდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად.

 

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

 

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი – ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული, მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს საფლავზე. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. იგი მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი – ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: “განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.”