საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა – შსს

277
spot_img

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.

დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13 მათგანს ჰქონდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში შეამოწმა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 – ბიჭს და 2 – გოგოს.