Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონლუკიიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მან სასწაულმოქმედების უნარი ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი, მთელი დღე ტაძარში ატარებდა და ღამით ლოცულობდა. პათარის ეპისკოპოსმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმიდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: „ ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს. კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება“.

წმინდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მათგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არცერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. წმინდანის ცხოვრება ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისგან, მრავალი გადაურჩენია ზღვაში დახრჩობას და მრავალიც განუკურნავს.

წმინდა ნიკოლოზმა სარწმუნოებისთვის დევნა და პატიმრობაც დაითმინა. 325 წელს , იგი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსობების დოგმატი დაამტკიცეს. კრების სხვა 318 წმინდა მამასთან ერთად, იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებასა და ერეტიკოსების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა.

წმინდანი 342 წლის 6 დეკემბერს, 85 წლის ასაკში მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმინდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმინდა მირონი მოედინებოდა , რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს , წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა, მაჰმადიანების მხრიდან. წმინდა ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ, აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც პაპმა ურბან I I- მ აკურთხა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ 19 დეკემბერს და 22 მაისს აღინიშნება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ გვაქვს პერსპექტიული პროექტები ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში. დავავალეთ გუნდებს, გაააქტიურონ სამუშაოები მათ განხორციელების მიზნით და კოორდინირება გაუწიონ მომავალ ერთობლივ ღონისძიებებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ გაიცემა მითითებები ორივე ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებს შორის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს იოლი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ. ერთი შეხედვით ყველაზე უბრალო საქმეც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვ. ამასთან, სატელეფონო საუბრები დიდ დროს გართმევთ. შესაძლოა, სასიამოვნო და საინტერესო თემებზე საუბრობთ, მაგრამ საეჭვოა, მათგან სარგებელი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებები და სასიამოვნო სიახლეები მიიღოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის – საერთო ენას ნაცნობებთან თუ უცნობებთანაც ადვილად პოულობთ. ამასთან, არსებობს საინტერესო სამუშაოს მიღების ან გრძელვადიანი თანამშრომლობის შანსი. საშუალება გექნებათ, რომ სასარგებლო საქმე ისწავლოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. დღეს ყველაზე კარგად გამოდით საქმე, რომელიც კრეატიულობას მოითხოვს. რუტინული დავალებების შესრულება გაცილებით გიჭირთ.

ტყუპები

სასიამოვნო და საინტერესო დღეა. ბევრი საინტერესო იდეა გაქვთ და მეგობრები მათ განხორციელებაში გეხმარებიან. წარმატებული გარიგება, ძველი ვალის დაბრუნება ან სოციალური შეღავათები თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები – უჩვეულო ადამიანებთან ურთიერთობა გაიძულებთ ბევრ საკითხს განსხვავებული კუთხით შეხედოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი სირთულე და საზრუნავი ახლავს, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს თქვენგან ბევრს მოითხოვენ, მაგრამ კომპრომისს არ თანხმდებიან. ცდილობთ, ემოციები მოთოკოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამოგდით. თავი შეიკავეთ რემონტის დაწყების ან დიდი შესყიდვებისგან. ახლა სერიოზულ ვალდებულებებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება.

ლომი

ამ დღეს არავის ენდობით, დადებითს ვერაფერს ამჩნევთ და ყველგან პრობლემები გეჩვენებათ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. თუ ამას შეძლებთ, დღე უფრო საინტერესო გახდება. თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. ასევე სავარაუდოა ფინანსური სირთულეები, მაგრამ ისინი დროებითი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ოჯახში უთანხმოება წარმოიშვას და შეთანხმება გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, ვიღაც ძველ წყენას გაგიხსენებთ.

ქალწული

ენერგიული და მიზანდასახული ხართ, ამიტომ სირთულეები არ გაშინებთ. ხშირად იმას აღწევთ, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც ადრე არ გაფასებდნენ, აზრს შეიცვლიან. არსებობს შანსი, რომ საქმიანი თუ პირადი ხასიათის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. თუ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას ელით, გირჩევთ, არაფერი დაუმალოთ და მათთან ურთიერთობაში ბოლომდე გულწრფელი იყოთ.

სასწორი

დაძაბული დღეა. უმცირესი უთანხმოება შეიძლება დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ეს ეხება როგორც ოჯახს, ასევე სამსახურს. თუ ბიზნესში სიფრთხილეს გამოიჩენთ და თითოეულ ნაბიჯს საგულდაგულოდ დაგეგმავთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ და რთული, წინააღმდეგობრივი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. თანდაყოლილი გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ მოქმედების სწორი სტრატეგია შეარჩიოთ.

მორიელი

დღის დასაწყისში უმჯობესია მხარდაჭერას და დახმარებას არავისგან ელოდოთ. ეს დამოუკიდებელი საქმიანობისა და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დროა. თუ გსურთ, მიზანს მალე მიაღწიოთ, ინტუიციას უნდა უსმინოთ. სავარაუდოდ, იმაზე მეტ შემოსავალს მიიღებთ, ვიდრე გეგონათ. საღამოს იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც გეგმების განხორციელებასა და მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

მშვილდოსანით

გამჭრიახი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგიძლიათ, მიზანს ნებისმიერ სიტუაციაში მიაღწიოთ. ადამიანები, რომლებსაც ადრე თქვენი შესაძლებლობები აეჭვებდათ, მიხვდებიან, თუ როგორ ცდებოდნენ. უფრო მეტიც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა სწორედ მათგან მიიღოთ. არსებობს კარიერული წინსვლის შანსი, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ.

თხის რქა

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს წარმატების მისაღწევად ფრთხილი მოქმედება გჭირდებათ. ნუ ელით, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანთან უსიამოვნო საუბარი გელით, რომელიც ძველ საიდუმლოს ფარდას ახდის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან. არახელსაყრელი დღეა სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ და ისეთი წვრილმანებიც კი გაღიზიანებთ, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. შესაძლოა, რაღაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთი დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი. სირთულეებთან გამკლავებაში ახლობელი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ.

თევზები

მშვიდი და ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება და მიხვდებით, როგორ გადაჭრათ ახლად წარმოქმნილი პრობლემები. ამ ნიშნის ყველაზე ინიციატივიანი წარმომადგენლები შემოსავლის ახალ წყაროს იპოვიან. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას – გურამ მაჭარაშვილი 

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი შენიშვნების ნაცვლად, პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას.

„სალომე ზურაბიშვილმა არ დატოვა განხილვის სივრცე. ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ორი კვირით ადრე, ვიდრე მას ამის ვადა ჰქონდა, ამავდროულად, ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნას ჩვენ კი გავეცნობოდით, თუმცა შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც რაიმე თეორიული შენიშვნების გათვალისწინება. მაგრამ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, ბოლოში რომ მიეწერათ – „არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი. სამართლებრივი შენიშვნების გარდა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით.  ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც რეალურად, საქართველოში ჩავარდა. ვნახეთ, რომ აღარც პარლამენტში, აღარც ქუჩაში საზოგადოება ამას უკვე მხარს აღარ უჭერს, აღარც კი აქცევენ ყურადღებას. ბოლოს ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, გამჭვირვალე რომ იყოს არასამთავრობო სექტორი, ეს ყოფილა ცუდი და ანტიდემოკრატიული, მაშინ, როდესაც იგივე ევროპის ინსტიტუცია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პირდაპირ წერს გადაწყვეტილებაში, რომ არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ამიტომ მისი გამჭვირვალობა საზოგადოების აღმატებული უფლებაა. პირდაპირ წერია ეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მეორე ინსტიტუცია, ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული. ამ დონემდე მივიდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს, რადგან ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ“, – წერს ლანდსბერგისი.

ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში იქნება დაძლეული.

„ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული“, – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მსჯელობის გასაგრძელებლად თეორიული შანსიც არ დატოვა, ასევე, რთულია იმის თქმა, რომ სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებების შანსს ტოვებს ვენეციის კომისიის დღევანდელი დასკვნა.

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ვეტო სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც, ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ სმჯელობა გაგრძელებულიყო. რთულია, ითქვას, რომ ეს დასკვნა, რომელსაც ჩვენ ყველანი დღეს გავეცანით, ტოვებს რაიმე შანსს, რომ გარკვეული რაციონალური და სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებები შესულიყო, რადგან ასეთი მათი მხრიდან არ არის წარმოდგენილი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს სივრცე თავისი ვეტოთი აბსოლუტურად დახურა და ამის თეორიული შანსიც კი მოსპო“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ესეც მეტყველებს ე.წ. ობიექტურობაზე – სალომე ქურასბედიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაშინ როცა ყველამ პირდაპირ ეთერში იხილა სამართალდამცველებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა.

„კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე.წ. ობიექტურობაზე, რაც, წესით, არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის“, – აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.

” მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები”- ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზადაა დახმარების გაწევისთვის“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს – სალომე ქურასბედიანი

გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ.

 

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.

 

ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.

 

ახლა კი, თანამიმდევრულად შევეხები დასკვნაში ასახულ ძირითად საკითხებს:

 

1.            დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს: კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა.

 

სინამდვილეში კი, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მე-2 მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ, კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.

 

ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ.

 

სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ  კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით (ყოველგვარი დაჩქარების გარეშე) რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

 

2.            ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.

 

3.            წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა. კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის. თუმცა, მსურს, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაინც შევეხო რამდენიმე საკითხს:

 

(1)          პირველი: ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის დასადასტურებლად კი ის მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე .

 

 

სინამდვილეში კი, ყველა ის  ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას; შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება!

 

(2) მეორე: ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის შესახებ საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი და განვითარებული დასკვნაში. ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას!

 

(3) მესამე – ყველაზე მნიშვნელოვანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ დასკვნის 31-ე , 62-ე , 83-ე და 99-ე პარაგრაფებში ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოვთხოვოთ. ვენეციის კომისიის ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის 79-ე პარაგრაფში სასამართლომ ცალსახად აღნიშნა შემდეგი:

 

„… არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს”.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც უკვე აღვნიშნე გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ , პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ  ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას!

 

საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს.

 

ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!

ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკო-ში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობების, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა საუბნო-საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საარჩევნო მთლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. თანამშრომლობა ODIHR-თან ამ მხრივ გადამწყვეტია და მზად ვართ, მისიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკო-ს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.

დღევანდელ შეხვედრას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში ქსენია დაშუტინა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ. შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

„ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებაზე, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონი უაღრესად სადავოა, რასაც ადასტურებს ქვეყანაში მასობრივი რეაქცია, რომელიც მიღებული იყო პროცედურის ფარგლებში, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულებელყოფით.

„ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით დადგენილ ნორმებთან, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს“, – წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად აღიარებას სერიოზული შედეგები აქვს, რადგან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ ოპერაციებს.

„ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და უცხოური მხარდაჭერის მიმღები მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ანგარიში წარადგინონ, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობირების საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური“, – ნათქვამია დასკვნაში.

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები“- ხუნდაძე

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქუჩაში პროტესტი შესუსტდა, აქციების ორგანიზატორებისთვის მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული. „მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ,“ – აღნიშნა მან.

„კონგრესში საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია არასწორ დროს არის წარდგენილი. ამას ჩვენი ოპონენტები და მათი პატრონებიც ხედავენ, თუმცა
ამჯერად მოდით ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებზე – ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და როგორც მაშველი რგოლი ისე იქნა მიწოდებული, რომ მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ.

მათი ქცევა ემსგავსება ვაჭრობას. უხერხულია, როცა ქვეყანას მუშტრის თვალით უყურებენ და ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დასავლეთში აპრობირებულ ინსტრუმენტს – გამჭვირვალობას იყენებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ყველაფერს კი ცუდ ქცევაში გვითვლიან და ახლა გამოგვიცხადეს, რომ თუ კარგად მოვიქცევით გვექნება ვიზები და თუ ცუდად მოვიქცევით, მაშინ გვექნება სანქციები.

მათი გაგებით ჩვენ ცუდად უკვე მოვიქეცით, იმიტომ, რომ არ ჩავერთეთ ომში, არ მიუერთდით სანქციებს და არ გავასხვისეთ სასამართლო დამოუკიდებლობა.

ახლა გვახსენებენ, რომ ისევ ცუდად არ მოვიქცეთ – ამისთვის კი უნდა დავთმოთ ფასეულობები, არ შევუშალოთ ხელი ლგბტ პროპაგანდას და თურმე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეკლესიასთან ერთად ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს. ამის შესახებ დასავლელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა განაცხადეს.

უნდა ითქვას სიმართლე, ნახევარი სიმართლე საქმეს არ წაადგება, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად. არასრულფასოვნების განცდაა – არადა გვქვია პარტნიორები. პარტნიორობა დასავლეთის გაგებით ეს არის თანასწორუფლებიანობა, პატივისცემა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს მინიმუმ აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. ჩვენი ინტერესების დაცვა კი, რატომღაც ჩვენი პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს,“ -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.