Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

”საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან”- გრიგოლ გეგელია

საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, „ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას“.

„საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან.

პრეზიდენტის ვეტო, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების განცხადებები, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადება მომავალ სანქციებთან დაკავშირებით, ასობით გამოხმაურება მსოფლიო ლიდერების მხრიდან – ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც საელჩოებს 26 მაისის ღონისძიებებსაც კი აუქმებინებს, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ღიად სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში, დე ფაქტო ბელადი კი გლობალურ შეთქმულებებზე საუბრობს.

ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია თავმოყვარე დიპლომატმა შეძლოს რაიმე საერთოდ გამონახვა აღმასრულებელი ხელისუფლების კურსსა და საკუთარი მისიის მიზნებს შორის. ამ ხელისუფლების დესპანობა აღარ არის თავსებადი ქართველის ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანის მსახურებასთან.

ყველა დიპლომატს, რომელიც არ მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ იმ ხელისუფლების ნებას და ინტერესებს, რომელიც ღალატობს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, ისინი არიან პასუხისმგებლობის თანაზიარი და მონაწილეობენ რუსული დაზვერვის გეგმის აღსრულებაში.

თუმცა, დროები სწრაფად იცვლება და ქართველი ხალხი სულ მალე გაასწორებს ეროვნულ კომპასს, როდესაც ახალი ხელისუფლების კურსი ხელახლა დაემთხვევა ერის ნებას. როცა კომპასი გასწორდება, ამ დროს, საგარეო სამსახურში აღარ იქნება იმ დიპლომატების ადგილი, ვინც კრიტიკულ მომენტში სამშობლოს და სახელმწიფოს საგარეო ინტერესების დაცვას პირადი კომფორტი და კარიერული კონფორმიზმი ამჯობინა. ან ახლა, ან აღარასდროს – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც საქართველოს ელჩებმა კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ“, – აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ, ისინიც უერთდებიან ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია – მეუფე გიორგი

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მეუფე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებასაც.

„ეს იყო ირიბიც და პირდაპირ შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, იმ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელზედაც დგას თუნდაც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ახალგაზრდობისა და ეკლესიის ერთმანეთისგან გამიჯვნა ესეც, ვფიქრობ, მიზანმიმართული პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა.

ჩემი მოწოდება იქნება, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყოველივე ბჭობით უნდა გადაწყდესო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციაზე, ეს ჩვენთვის ისედაც თვისობრივია. ორგანულია, რადგან ვიცით, რომ ევროპული ცივილიზაცია და კულტურა ქრისტიანული კულტურიდან არის ამოსული, რასაც ბევრი ქვეყანა დაშორდა. ვიცით, აგერ საბერძნეთს, რომელსაც სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობა გააჩნია, თავს მოახვიეს და დაუკანონეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მე გავიხსენებდი წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სიტყვებს, რომ თუ მსოფლიო მიდის ღმერთის წინააღმდეგ, მე მივდივარ მსოფლიოს წინააღმდეგ და საქართველო ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მეუფე გიორგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებისა და პოლიტიკოსების მიერ რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მხარეებს შორის დიალოგის გამართვას არ ემსახურება.

„ეს ემსახურება ძალიან დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას და სამოქალაქო დაპირისპირებებმა ამ ქვეყანაში რა მოგვიტანა, უახლოესმა ისტორიამ ალბათ, კარგად გვანახა. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია“, – აღნიშნა მეუფე გიორგიმ.

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება – ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.

ირანში, პრეზიდენტის ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე 3 ადამიანი დაიკარგა

ირანის ჩრდილოეთ-დასავლეთით, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 მაშველი დაიკარგა. ამის შესახებ BBC წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მაშველები მიუახლოვდნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილს, თუმცა სამაშველო ოპერაციის ტემპი შეჩერდება, რადგან ინციდენტის ადგილას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ასევე მოსალოდნელია წვიმა.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილას მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს“ – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი კანონზე

2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა მის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე და მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. პაველ ბლაჟეკის თქმით, არასწორია, საქართველოს ხელისუფლებას რუსული ეწოდოს.

აღნიშნული კომენტარის გამო  ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათით დაემუქრა თუ ის არ შეწყვეტდა „პრორუსი აგენტების“ დაცვას.

პაველ ბლაჟეკმა აღნიშნულ განცხადებას გრეგოროვასთვის დამახასიათებელი ზედაპირული ტყუილი უწოდა და მოიყვანა მის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან ამონარიდები:

„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს. ქართველებს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება.  ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ემპათიურები მათი სიტუაციის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მათი შეფასება“.

„მან ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული იარლიყი მიენიჭოს. დასავლეთი არასოდეს გაგზავნის იქ ჯარს. ისინი შეჩვეულები არიან რუსული არმიის პირისპირ ყოველთვის მარტო ყოფნას. მათ შეიძლება ჩვენი შეხედულებებისგან განსხვავებულად იმოქმედონ, მაგრამ ისინი მარტონი არიან“. – ციტირებს საკუთარ ინტერვიუდან ამონარიდს  სოციალურ ქსელ X-ზე  პაველ ბლაჟეკი.

https://twitter.com/blazek_p/status/1791740512489050276?s=46&t=Bkh-eDvTTM3h-jekoLCxvw 

https://twitter.com/blazek_p/status/1791740512489050276?s=46&t=Bkh-eDvTTM3h-jekoLCxvw 

”არმია” უმაღლეს ლიგაში გადავიდა

”არმიამ”საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა.

”არმიელებმა” განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში, რაგბის სტადიონზე ”პარკ არენა, ” ოზურგეთის ”არწივები” დამაჯერებელი ანგარიშით 23:6 დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს “არმიელებს” ამ მნიშვნელოვანგამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია,” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ადგილთან მისვლას, სადაც ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი დაეშვა

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენი ხისტად დაეშვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას ამინდის პირობები ართულებს. ადგილზე ძლიერი ნისლია და ხილვადობის მანძილი მხოლოდ 5 მეტრს შეადგენს.

ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ იბრაჰიმ რაისი ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი ქალაქ თავრიზში ბრუნდებოდა აზერბაიჯანიდან, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად დამბები გახსნა. ასევე ცნობილია, რომ კოლონაში კიდევ 2 ვერტმფრენი მოძრაობა და ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი – დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს.

ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, – წერს მინისტრი „ტვიტერზე“.

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგადათი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული ქალი, 25 კი დაშავდა.  დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

ხარკოვის რეგიონზე დღეს ორი თავდასხმა განხორციელდა. ხარკოვის რეგიონში პირველი დარტყმა განხორციელდა საზოგადოებრივ დაწესებულებაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ისვენებდნენ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მეორე დარტყმა განხორციელდა კუპიანსკზე, სადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

„აქ ჯარისკაცები არასდროს ყოფილან. კვირა დღე იყო, მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა დასასვენებლად, ბავშვები, ორსული ქალები ისვენებდნენ“, – განაცხადა ხარკოვის პოლიციის განყოფილების უფროსმა, იაროსლავ ტროფიმკომ.

თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, მიაწოდონ კიევს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ხარკოვისა და სხვა ქალაქების დასაცავად.

„მსოფლიოს შეუძლია, შეაჩეროს რუსული ტერორი და ამისთვის ლიდერებს შორის პოლიტიკური ნების ნაკლებობა უნდა დაიძლიოს. ხარკოვისთვის ორი პატრიოტის გადაცემა ფუნდამენტურ განსხვავებას გამოიწვევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიდიან.

მომხდარის შესახებ ირანული მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს და ოფიციალური დადასტურება, ჯერჯერობით, არ ყოფილა.

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამავე ცნობებით, ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია – უადგილო და არასაჭირო ჩარევას სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია.

„რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხების ნებით. ჩვენს საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია. თუკი ვინმეს – აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ქვეყნების ლიდერებს – უნდათ მიაღწიოს რაიმე შედეგებს ამ რეგიონში, მაშინ დაე, დაგველაპარაკონ. დღემდე, უადგილო და არასაჭირო ჩარევას რაიმე სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს“, – განაცხადა ალიევმა.

ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მხარესაა და თუ უნდათ ვა-ბანკზე წასვლა, შეუძლიათ, ეს გააკეთონ – თეონა აქუბარდია პრეზიდენტის ვეტოზე

x

პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შეაფასა.

„პრეზიდენტმა, მკაფიოდ, გაუსვა ხაზი, რომ ის სამართლებრივად სწორი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოტივირებული შენიშვნები იქნება. პრეზიდენტის განცხადება, რომ ის ვაჭრობაში არ შევა „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც თავად მოიჭრა უკან დასახევი გზა და სამი მოსმენით მიიღო კანონი ისე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა, კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ახლა ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და თუ უნდათ ვა-ბანკზე წასვლა მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.,

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

თავისებური ქალი ზურაბიშვილი თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ეხმაურება და მას „თავისებურ ქალს“ უწოდებს, რომელიც „თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში“.

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.