საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, „ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას“.
„საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან.
პრეზიდენტის ვეტო, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების განცხადებები, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადება მომავალ სანქციებთან დაკავშირებით, ასობით გამოხმაურება მსოფლიო ლიდერების მხრიდან – ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც საელჩოებს 26 მაისის ღონისძიებებსაც კი აუქმებინებს, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ღიად სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში, დე ფაქტო ბელადი კი გლობალურ შეთქმულებებზე საუბრობს.
ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია თავმოყვარე დიპლომატმა შეძლოს რაიმე საერთოდ გამონახვა აღმასრულებელი ხელისუფლების კურსსა და საკუთარი მისიის მიზნებს შორის. ამ ხელისუფლების დესპანობა აღარ არის თავსებადი ქართველის ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანის მსახურებასთან.
ყველა დიპლომატს, რომელიც არ მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ იმ ხელისუფლების ნებას და ინტერესებს, რომელიც ღალატობს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, ისინი არიან პასუხისმგებლობის თანაზიარი და მონაწილეობენ რუსული დაზვერვის გეგმის აღსრულებაში.
თუმცა, დროები სწრაფად იცვლება და ქართველი ხალხი სულ მალე გაასწორებს ეროვნულ კომპასს, როდესაც ახალი ხელისუფლების კურსი ხელახლა დაემთხვევა ერის ნებას. როცა კომპასი გასწორდება, ამ დროს, საგარეო სამსახურში აღარ იქნება იმ დიპლომატების ადგილი, ვინც კრიტიკულ მომენტში სამშობლოს და სახელმწიფოს საგარეო ინტერესების დაცვას პირადი კომფორტი და კარიერული კონფორმიზმი ამჯობინა. ან ახლა, ან აღარასდროს – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც საქართველოს ელჩებმა კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ“, – აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.