რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული ქალი, 25 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.
ხარკოვის რეგიონზე დღეს ორი თავდასხმა განხორციელდა. ხარკოვის რეგიონში პირველი დარტყმა განხორციელდა საზოგადოებრივ დაწესებულებაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ისვენებდნენ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მეორე დარტყმა განხორციელდა კუპიანსკზე, სადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
„აქ ჯარისკაცები არასდროს ყოფილან. კვირა დღე იყო, მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა დასასვენებლად, ბავშვები, ორსული ქალები ისვენებდნენ“, – განაცხადა ხარკოვის პოლიციის განყოფილების უფროსმა, იაროსლავ ტროფიმკომ.
თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, მიაწოდონ კიევს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ხარკოვისა და სხვა ქალაქების დასაცავად.
„მსოფლიოს შეუძლია, შეაჩეროს რუსული ტერორი და ამისთვის ლიდერებს შორის პოლიტიკური ნების ნაკლებობა უნდა დაიძლიოს. ხარკოვისთვის ორი პატრიოტის გადაცემა ფუნდამენტურ განსხვავებას გამოიწვევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.