7-9 ნოემბერს, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამიტი 11:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო Crown Plaza-ში გაიმართება.
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების თანადამფინანსებლები: კავკასიის ბუნების ფონდი, საქართველოს ბანკი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.