“რუსეთი ლიბიაში სამხედრო ბაზის გახსნის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს” – Bloomberg

71
spot_img

რუსეთი ლიბიაში ბაზის გახსნის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი იტყობინება.

სააგენტოს წყაროების ცნობით, სამხედრო შეთანხმებაზე მუშაობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალ ხალიფა ჰაფთარს შორის, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, 2023 წლის სექტებმერში პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა შეიძლება მოიპოვოს უფლება, განათავსოს საკუთარი სამხედრო ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში, ქალაქ ტობრუკის პორტში. ასევე რუსეთის განკარგულებაში შეიძლება გადავიდეს რამდენიმე ავიაბაზა, რომლებსაც ახლა „ვაგნერის“ დაჯგუფება აკონტროლებს.

ამავე დროს, ხალიფა ჰაფთარს საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რომელთა მიწოდებაც რუსეთს შეუძლია. გარდა ამისა, რუსი სამხედროები ჰაფთარს პილოტებისა და სპეცრაზმელების გაწვრთნაში დაეხმარებიან. თუმცა, როგორც სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, ლიბიის პორტის სამხედრო მიზნებით გამოყენებამდე საჭირო იქნება საპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება.

ამასთანავე, Bloomberg-თან საუბარში ლიბიაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან უაინერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება ლიბიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის პოტენციურ გაფართოებას.

„ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის არ დაშვება საკვანძო სტრატეგიული ამოცანა იყო – თუ რუსეთს იქ პორტები ექნება, ეს მისცემს შესაძლებლობას, მთელ ევროკავშირზე იჯაშუშოს“, – განაცხადა უაინერმა.