“2008 წლის ომში ტერიტორიები გამიზნულად დაკარგეთ” – გურამ მაჭარაშვილი რომან გოცირიძეს

10
spot_img

საქართველოს პარლამენტში არის პიროვნება, რომელმაც თავის დროზე შეძლო და საქართველოს ყველა მოქალაქე „მილიონერი“ გახადა. თუმცა, ამ „მილიონერ“, ნახევრადმშიერ ადამიანს, საღამოს, „ლამფის“ შუქზე, რომან-ტიკა ნამდვილად არ ახსენდებოდა. აბა, თუ მიხვდებით, ვინ არის ეს პიროვნება? რომან გოცირიძე, რომელმაც თავი საზოგადოებას კუპონიზაციით დაამახსოვრა, – ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა რომან გოცირიძის პოლიტიკურ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, ის იტყუება.

„როგორც მისი კუპონი განიცდიდა მაღალი სიჩქარით ინფლაციას, ისე განიცდის თავად ინფლაციას, როგორც პოლიტიკოსი. 30 წელია პოლიტიკაშია და დღესაც კი მარტო დადის – თავისი ადგილი ვერ იპოვა.

რომან გოცირიძემ გუშინ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ, „ხალხის ძალა“, რუსეთისა და პუტინის ძალა ვართ. ბატონო რომან, შეგახსენებთ, რომ თქვენ სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთი და იმავე მიზნით თქვით, რომ მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გავლენის ქვეშაა; თქვით, რომ საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ამ ხელისუფლებას ირჩევს, რუსეთის გავლენის ქვეშაა და ა.შ. ანუ, ჩვენ, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ერთ მხარეს და თქვენ – მეორე მხარეს. უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი: ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, რომლითაც ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს, მათ შორის, თქვენ და ა.შ. და თქვენი ხელისუფლების დროს, ბატონო რომან, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტით გამიზნულად დავკარგეთ ტერიტორიები; მივიღეთ უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, ამის შემდეგ კი გაბედეთ და ხელი მოაწერეთ იმ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩვენს სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. ესეც არ იკმარეთ, ამის შემდეგ სტრატეგიული ენერგო ობიექტები რუსეთს გადაეცით და ახლა ხალხმა განსაჯოს – თქვენ ხართ პუტინის ძალა თუ – ჩვენ.

ასევე, გუშინ, განაცხადეთ, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდა მოგონილი ყოფილა. შეგახსენებთ, ბატონო რომან, რომ დიდ ბრიტანეთში 50-მა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს მისწერა წერილი, სადაც წერენ, რომ „ბავშვებს უკვე ასწავლიან ექსტრემალურ და სახიფათო სექსუალურ აქტებს და გთხოვთ, შესაბამისი ზომები მიიღოთ.“ ამან აიძულა ბრიტანეთის პრემიერი ის განცხადება გაეკეთებინა, როცა თქვა, რომ – „ქალი ქალია და კაცი -კაცი“. ეს გამოგონილია, ბატონო რომან? იქნებ ისიც გამოგონილია, რომ ესპანეთში გეი აღლუმი ჩაატარეს, რომელსაც ბავშვები დაასწრეს? ჩასულიყავით, შეგემოწმებინათ… შეგიძლიათ, მონაწილეობაც მიიღოთ – თქვენი ნებაა, რა თქმა უნდა.

იქნებ ისიც გამოგონილია, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურმა ტრანსგენდერის რძე დედის რძესთან გააიგივა? ან იქნებ ისიც გამოგონილია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავის თანამშრომლებს დედის და მამის ხსენება აუკრძალა? დაფიქრდით კარგად. გამოდის, გვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია და თქვენ ხართ რეალური? თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ რეალურია ეს საფრთხე, რაც ჩამოვთვალე და გამოგონილი ხართ თქვენ – პოლიტიკოსი, მხიარული რომანი. გულწრფელად რომ გითხრათ, სერიოზულად ვერც ვბრაზდები თქვენზე, ისეთი ჟანრი გაქვთ არჩეული, მაგრამ პასუხი უნდა გაგეცეთ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, უცხოური ძალების ინტერესებს რომ ატარებთ, ისევე, როგორც თავის დროზე თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი რეზოლუციას და სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება.

თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას. ჩვენ ვართ ის პარტია, რომლის დაფუძნების შემდეგაც „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური სიკვდილის ბუზი დააჯდა. თქვენც მათი წევრი იყავით და თქვენც მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.