,,200-ზე მეტი სოფელი დაკარგეთ, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვეთ ევაკუაციის გარეშე”- თალაკვაძე

61
spot_img

ჩვენ დავთმეთ რაიმე?! თქვენ რა დაუთმეთ და რა დაკარგეთ, ის შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ დღეს – 200-ზე მეტი სოფელი დაკარგეთ, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვეთ ევაკუაციის გარეშე, შეიარაღება ჩააბარეთ რუსეთის ჯარს, ჯარი დატოვეთ ხელმძღვანელებმა და გაიქეცით. თქვენ გვეუბნებით, რომ დათმობის პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან?, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ კირბალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძემ იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები დაჭრეს, ან მოკლეს, თუმცა ამაზე რეაგირება ხელისუფლებას არ ჰქონია.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული, ტყვეობაში მყოფი ადამიანი და გამოძიებული იქნას ეს დანაშაული და პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავე, ან დამნაშავეები. როცა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების კრიტიკას მოვრჩებით, პასუხს გავცემთ რადიკალური ფარისეველ წარმომადგენლებსაც, რომლებმაც იკადრეს გუშინ და საკუთარი ხელისუფლება და სამშობლო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მომხდარში. თურმე რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობსო, ამათ რომ მოუსმინო. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის და შემდეგ, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აკეთებდნენ რუსულ საქმეს. რამდენიმე ფაქტს გეტყვით.

 

2009 წლის 7 თებერვალს გალში, ნაბაკევში დაჭრეს ჩვენი თანამოქალაქე. სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, რომ ოჯახებს კიდევ ახალი ტრავმა არ მივაყენო იმის შეხსენებით, თუ რა მოხდა. 2010 წელს, 21 ივნისს ცემით და წამებით მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. 2011 წლის 18 მაისს საჩხერის მიმდებარედ ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი ძალიან მძიმედ. 2011 წელს კიდევ ერთი შემთხვევა იყო გალის რაიონში როდესაც მოკლეს ჩვენი მოქალაქე მამაკაცი.

 

ამ შემთხვევებზე, ადამიანებს, რომლებიც დღეს ბედავენ და გამოდიან კრიტიკით საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთი რეაგირებაც არ გაუკეთებიათ. რომ დაძებნოთ ეს შემთხვევები, მედიაში ვერ იპოვით განცხადებებს, არც გამოძიება დაუწყიათ, არც საერთაშორისო მასშტაბით აუტეხავთ განგაში. არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და მითუმეტეს პრეზიდენტს განცხადებები არ გაუკეთებიათ ამაზე. ეს ოთხი შემთხვევაა, რაც მე მაგალითად მოგიყვანეთ, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ეს ადამიანები გვეუბნებიან, ხომ ხედავთ დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს რუსეთთანო. ჩვენ დავთმეთ რაიმე?! თქვენ რა დაუთმეთ და რა დაკარგეთ, ის შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ დღეს – 200-ზე მეტი სოფელი დაკარგეთ, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვეთ ევაკუაციის გარეშე, შეიარაღება ჩააბარეთ რუსეთის ჯარს, ჯარი დატოვეთ ხელმძღვანელებმა და გაიქეცით. თქვენ გვეუბნებით, რომ დათმობის პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან? ეს არის ფარისევლობა, სიცრუე და ამ სიცრუის გამო შემდეგ არჩევნებში კიდევ ერთხელ მიიღებთ საზოგადოების პასუხს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.