Home Blog Page 2

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დღეს, შეცვალოთ თქვენი გეგმები. განმარტოება ბევრ სიტუაციებს სხვაგვარად დაგანახვებთ, შეძლებთ, სასიკეთოდ გამოიყენოთ საკუთარ თავთან დარჩენა. არის, ალბათობა, შეხვდეთ ძველ ნაცნობებს.

კურო

სიმშვიდით და გონიერებით ბევრს მიაღწევთ და მალე სასიამოვნო და სასიხარულო ამბავსაც მიიღებთ.

ტყუპები

შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებამ შეგახსენოთ თავი, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, პროფილაქტიკაზე და შეეცადეთ, ყველა კითხვაზე რჩევები სპეციალისტისგან მიიღოთ.

კირჩხიბი

სასიამოვნო მოულოდნელობას ელოდეთ. კარგი იქნება, თუ შეიძენთ ისეთ რამეს, რაც სიმშვიდესა და ოპტიმისტური განწყობის ხელშემწყობი იქნება ყოველდღიურობაში.

ლომი

მოიშორეთ ეჭვები, მიჰყევით არჩეულ გზას, იმოქმედეთ დინჯად და წინდახედულად. მალე გექნებათ სიხარულის მიზეზი და საკუთარი თავითაც იამაყებთ.

ქალწული

შეხვედრებისა და პაემნისთვის კარგი დღეა. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გამოიჩინეთ მზრუნველობა და ყურადღება, როგორც საყვარელი ადამიანის, ასევე, ოჯახის წევრების მიმართ.

სასწორი

ერიდეთ უხეშ, კრიტიკულ გამოთქმებს, რათა მომავალში სანანებელი არ გაგიხდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ, მალე დარწმუნდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭირო ხართ ახლობლებისთვის.

მორიელი

თქვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობა დაგამშვიდებთ, მშვენიერი დღეა, თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა მყარდება და ენერგიითაც ივსებით.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ კვებასა და ჯანმრთელობის თემებს, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან პროდუქტის სიახლე და ხარისხი. იზრუნეთ ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე.

თხის რქა

ერიდეთ სტრესსა და გადაღლას. მეტად იზრუნეთ დასვენებაზე. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და მიხედეთ ჯანმრთელობას.

მერწყული

შესაძლოა, დადგეთ არჩევანის წინაშე, იყავით გულახდილი საკუთარ თავთან და ორმაგ თამაშს თავი დაანებეთ, რადგან ამგვარი ქმედება ჩიხში მოგამწყვდევთ და შესაძლოა, დაშვებული შეცდომები ვეღარ გამოასწოროთ.

თევზები

ნუ შეეცდებით ვინმეს გამოსწორება -„აღზრდას“. ადამიანი მიიღეთ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ან საერთოდ უარი თქვით მასთან ურთიერთობაზე.

,,არა − „ევროსაბჭოთა კავშირს“ და ცალსახად კი − განახლებულ ევროპას”- დავით ქართველიშვილი

ალტერნატიული ხედვა ევროკავშირის მომავალზე ეფუძნება იდეას – ევროპაში სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაბრუნების შესახებ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი ვრცელ ანალიზში მიმოიხილავს ევროპასთან და მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას.

„ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიდრეკილია ევროკავშირის მართვის ავტორიტარული სტილისკენ და ხაზს უსვამს მოქალაქეების აზრისადმი ყურადღების ნაკლებობას“, − იტყობინება Politico. გამოცემა წერს, რომ Brexit-ის ყოფილმა მომლაპარაკებელმა მიშელ ბარნიემ თავის ახალ წიგნში – „რა ვისწავლე თქვენგან“, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მართვის ავტორიტარიზმში დაადანაშაულა.

წიგნში პოლიტიკოსმა, ასევე, გამოთქვა უკმაყოფილება სხვა ევროკომისრების ქცევის მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, თავი „ტექნოკრატებზე მეტად“ წარმოაჩინეს და საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ ევროკავშირის მოქალაქეების აზრს. წიგნში ის აღნიშნავს, რომ ევროკომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად ევროპელების ხმა ხშირად არ ისმის. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფონ დერ ლაიენის მართვის სტილი ევროკავშირის მმართველ წრეებში მზარდ გაღიზიანებას იწვევდა. გამოცემის ცნობით, მასზე სულ უფრო მეტი პრეტენზია ისმოდა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა პირადად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფართო განხილვის გარეშე.

ყოველივე ამის ფონზე, ევროკავშირში შემავალ მთელ რიგ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმის პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკოსების მზარდი რეიტინგების გათვალისწინებით, ურიგო არ იქნებოდა ევროკავშირის ტრანსფორმაციის პერსპექტივებზე გვესაუბრა იმ შემთხვევაში, თუკი ის დაიშლება, ან რადიკალურად რეფორმირდება.

ევროკავშირის ამჟამინდელი მოდელისადმი ძირითადი პრეტენზიებია:

მან დაკარგა თავდაპირველი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და იქცა ბიუროკრატიულ ორგანიზაციად, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს წევრი ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტსა და მათ იდენტობას. ის ავითარებს გლობალისტურ, ლიბერალ დღის წესრიგს (მიგრაცია, ლგბტ, ეკოპოლიტიკა), რაც ანგრევს ტრადიციულ ღირებულებებს. ევრობიუროკრატების ხელში სუვერენული პოლიტიკური ბაზის გარეშე, ევროც ჩამოყალიბდა არასტაბილურ ვალუტად. ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უწოდებს „პოსტქრისტიანულ იმპერიას“ და ემხრობა „ნაციების ევროპას“. ბრიტანელი ნეოკონსერვატიული პოლიტოლოგი დუგლას მიურეი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი „გასაწყვეტია“ კულტურული იდენტობის დაკარგვის გამო. ფრანგი ინტელექტუალები – ალენ დე ბენუა, ერიკ ზემური და სხვები, საუბრობენ ქრისტიანული დასავლეთის დაბრუნების აუცილებლობაზე.

მოვლენათა სავარაუდო სცენარების განვითარება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:

რეგიონებისა და დეცენტრალიზებული კავშირების ევროპა – ევროკავშირი იშლება და მის ნაცვლად ჩნდება ახალი გეოპოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც დაფუძნებულია ისტორიულ-კულტურულ ერთობებზე (მაგ.: სკანდინავია, ცენტრალური ევროპა, „ლათინური“ ევროპა), ეკონომიკურ ზონებზე (მაგ.: დუნაის ლიგა, ბალტიის კავშირი) და რელიგიურ თუ ცივილიზაციურ სიახლოვეზე (კათოლიკური, მართლმადიდებელი, პროტესტანტული ევროპა);

ნაციონალური სუვერენიტეტების დაბრუნება – სახელმწიფოები იბრუნებენ სრულ სუვერენიტეტს და ამავდროულად, ინარჩუნებენ ორმხრივ და მრავალმხრივ პარტნიორობას (როგორიც იყო ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება ევროკავშირის შექმნამდე);

ახალი „ჰარტლენდი“ – „შუაგული მიწა“, „საყრდენი წერტილი“, „გეოგრაფიული ღერძი“ – ზოგი გეოპოლიტიკოსის (მაგ. სტივ ბენონის) ხედვით იქმნება ახალი კონტინენტური ალიანსი რომიდან მოსკოვამდე, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსერვატიულ ღირებულებებზე, ქრისტიანობაზე, ანტიგლობალიზმსა და ანტიამერიკანიზმზე (მისი იდეოლოგიურად მოწამლული ფორმატის სახით);

გეოპოლიტიკური „წინასწარმეტყველებები“ – ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე ჟაკ დელორი (1990-იან წლებში) საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ევროკავშირი დაიშლება, თუკი ის არ გადაიქცევა „სულიერ პროექტად“ და დარჩება მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების ფარგლებში. პროფესორი ჯონ ლაფლანდი (დიდი ბრიტანეთი) ამბობდა, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირი „გაიყინება“, თუ დაკარგავს საკუთარ „გულს“, ანუ საფრანგეთს ან გერმანიას;

პრაქტიკული ნიშნები (2020-2025) – სლოვაკეთი, უნგრეთი და დღეიდან უკვე პოლონეთიც, აქტიურად ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის ცენტრალიზაციას და აყალიბებენ ალტერნატიულ კავშირებს (მაგ.: ვიშეგრადის ოთხეული, სამი ზღვის ინიციატივა). საფრანგეთსა და გერმანიაში მზარდია მასობრივი პროტესტები (ყვითელი ჟილეტები, ფერმერები, მიგრაციის საწინააღმდეგო მოძრაობები), რაც მიუთითებს ევროკავშირის მიმართ ლეგიტიმურობის დაკლებაზე. შეიმჩნევა ევროსკეპტიკური პარტიების ზრდა: AfD გერმანიაში, RN საფრანგეთში, PiS პოლონეთში, VOX ესპანეთში, Chega პორტუგალიაში და სხვა.

ალტერნატიული ხედვა ევროკავშირის მომავალზე ეფუძნება იდეას – ევროპაში სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაბრუნების შესახებ. ასეთი ხედვა არ გამორიცხავს გაერთიანებას, მაგრამ ეს იქნება ნაციონალურ თანასწორობაზე დამყარებული ალიანსი და არა – ტექნოკრატიული ზემოქმედება. ასეთი იდეები ჯერ კიდევ მარგინალურია ბრიუსელში, მაგრამ პოპულარობას იძენს რიგ წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით არსებული კრიზისების ფონზე. არა − „ევროსაბჭოთა კავშირს“ და ცალსახად კი − განახლებულ ევროპას“, – წერს დავით ქართველიშვილი.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

,,უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა მომავალ კვირას იგეგმება”- კირილ ბუდანოვი

უკრაინასა და რუსეთს შორის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ცხედრების გაცვლა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ცხედრები გაცვლაზე მხარეები სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.

„სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგად რეპატრიაციული ღონისძიებების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირას, რის შესახებაც უფლებამოსილი პირები ინფორმირებული იყვნენ ჯერ კიდევ სამშაბათს“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, უკრაინა იცავს შეთანხმებულ პირობებს, საინფორმაციო ზეწოლისა და ცალმხრივი გადაწყვეტილებების თავს მოხვევის მცდელობების მიუხედავად.

მან ცინიკური უწოდა რუსი პროპაგანდისტების სპეკულაციებს ადამიანური ტრაგედიის თემებით, რომლებთანაც მათ აქვთ კავშირი.

მანამდე, რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზორინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევისგან ელოდება დადასტურებას, რომ ცხედრების გადაცემა შედგება.

მისი თქმით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, რუსულმა მხარემ გაცვლის ზონაში ცხედრების პირველი ნაწილი – 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე გადაიტანა.

„ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით”- მეუფე შიო

ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით… არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმიდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება…“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მრევლს სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაული მიულოცა. 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, დღეს არის სულიწმიდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: „სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმინდით ამაღლდების“. ე. ი. სულიწმიდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები შეშინებული იყვნენ, ისინი თითქოს დაობლდნენ, წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ, ნუგეშინისმცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილი ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმიდა.

მას შემდეგ სულიწმიდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს, მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმიდას.

ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი; გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების მთავარი აზრი, რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმიდის მოხვეჭაში, სულიწმიდის მადლის მოპოვებაში.

დიდია და ტკბილი სულიწმიდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები, ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება. სულიწმინდასთან ერთად ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ სულიწმიდის მოხვეჭას.

დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა (ინ. 7, 39). ეს არის სწორედ სულიწმიდა, სულიწმიდის მადლი. მაშასადამე, ვინ იღებს ამ ცოცხალ წყალს? მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ სწყურია, ვისაც ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში ამ მადლის მიღება და მოხვეჭა, მიისწრაფვის ამისკენ.

ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმიდის მადლი;

მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმიდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება.

დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის, ასევე, დღესასწაული ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ვიმყოფებით. ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმიდის შემწეობის.

დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული, მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმიდის შეწევნა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ილოცება ნიკოლაძეების გვარი.ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და სულიწმიდის მადლი მოგმადლოთ.

 ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ. 

მისმა კოალიციამ მიიღო 190 ათას ხმამდე მგონი. 1900 კაცი მაინც რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? ცოტათი თავმდაბლობას ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება – თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე

რაებს არ იძახდნენ, ტოპ-ტვინები დავჯდებითო და ტოპ-ანალიტიკოსები დავდებთ [საპარლამენტო არჩევნების] გაყალბების სქემასო. რაებს არ ლაპარაკობდნენ. და ბიჭო, ამხელა რაღაც თუ დაგემართა, 1% შენი ამომრჩევლის, რატომ ვერ გამოგყავს გარეთ? ფული თუ არ გადაუხადე, მარშს რატომ ვერ აკეთებ? – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ, „ლელოს“ ლიდერმა ამის გამო კრახი განიცადა.

„ამ ბარიერს ისე აფრინდებიან, თითქოს თვითონ არ ყვიროდნენ, გაყალბდა ის არჩევნები ასობით ათასი ხმითო. იმ ასობით ათას ხმაში „გირჩს“ რატომ არ გაუყალბდა მაშინ? რადგან იაგოს „გირჩია“? არც მე „მევასება“ იაგო, მაგრამ სიმართლე სიმართლეა. მხოლოდ იმ პარტიებმა უნდა ვილაპარაკოთო, ვის უკანაც ათობით და ასობით ათასი ამომრჩეველი დგასო, რაც გაყალბებულ არჩევნებში განისაზღვრა. და ეს ათობით და ასობით ათასი ამომრჩეველი სად იყო არჩევნების მერე, როდესაც ხმები გაყალბდა?

მისმა კოალიციამ მიიღო 190 ათას ხმამდე მგონი, შეიძლება მეშლება, მაგრამ სადღაც მაგ ფარგლებშია. 1900 კაცი მაინც რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? 1%, 10%-ს კი არ ვთხოვ – 1%. რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? სად არის ეს ათობით და ასობით ათასი კაცი? ანუ, ხომ უნდა მიხვდეს, რომ რაღაც გატეხილია მის პროცესში, თუ მის სასოწარკვეთილ ყვირილს „ხალხო გამოდით, არჩევნები გაგვიყალბებს“ 1 თვის განმავლობაში, მისი ამომრჩევლის – ვინც „ლელო“ შემოხაზა, იმის 1%-იც არ გამოეხმაურა. ცოტათი თავმდაბლობას ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება?“ – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს, ლონდონში გაიმართება

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს, ლონდონში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-თან ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციების მიზნით ლონდონში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი ჩავა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს გასულ თვეში შეხვდნენ. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.

ირანული მედია იუწყება, რომ ირანის სადაზვერვო სამსახურმა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები მოიპოვა

ირანის სადაზვერვო სამსახურმა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები მოიპოვა, რომელთა ნაწილიც ისრაელის ბირთვულ ობიექტებს ეხება. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, მონაცემთა შეგროვება საიდუმლო ოპერაციის დროს მოხდა და მოიცავს უზარმაზარ მასალას, მათ შორის, დოკუმენტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს.

ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება – დონალდ ტრამპი

ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს.

„ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი (ნიუსომი) და მერი (ბასი), რომლებიც, როგორც ყოველთვის სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებენ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.

„ასევე, ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ??? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით „1000 წესრიგის დამრღვევი“ მონაწილეობდა. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.

თუ მასკი დემოკრატებს დაუჭერს მხარს, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და და მის ყოფილ მრჩეველ, მილიარდერ ილონ მასკს შორის დაპირისპირება გრძელდება. ტელეკომპანია NBC News-ს ეთერში ტრამპი მასკს დემოკრატების მხარდაჭერის შემთხვევაში სერიოზული შედეგებით დაემუქრა.

„ეს თუ გააკეთა, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა მან.

ამასთან, ტრამპმა აღიარა, რომ ჭორები იმის შესახებ, თითქოს Tesla-ს ხელმძღვანელმა შესაძლოა შემდგომ არჩევნებზე მხარი დემოკრატიული პარტიას დაუჭიროს, მასში „დეპრესიას იწვევს“.

პრეზიდენტმა ასევე უარყოფითად უპასუხა კითხვას იმის შესახებ, სურს თუ არა მასკთან ურთიერთობების მოგვარება და აღნიშნა, რომ მისი და მასკის ურთიერთობას დასრულებულად მიიჩნევს.

ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერმა გააკრიტიკა რესპუბლიკელების „დიდებული და მშვენიერი კანონპროექტი“ საგადასახადო შეღავათების შესახებ. ტრამპი კი თავის ყოფილ მრჩეველს მის კომპანიებთან სახელმწიფო კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„23:00 საათიდან 7:30 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონები ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულას, ორიოლის, კურსკისა და მოსკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ქალაქ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ოლქში თავდაცვის სისტემებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სობიანინის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.

ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას. საჭიროა რუსეთის მკაცრი იძულება მშვიდობისკენ – ვოლოდიმირ ზელენსკი

მორიგი სასტიკი მკვლელობა. საჰაერო ბომბები ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე – იქვე არის საბავშვო რკინიგზაც. ამას სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმია და ეს სრულმასშტაბიანი ომი, სამ წელზე მეტია გრძელდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მორიგ შეტევას ხარკოვზე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის იგნორირება არ შეიძლება.

„ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ და ეს არ არის რაიმე სახის თამაში. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას. საჭიროა რუსეთის მკაცრი იძულება მშვიდობისკენ. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ეს რუსული დარტყმები არ არის საპასუხო, არამედ ეს არის განადგურება, სიცოცხლის სრული განადგურება. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაზრდაზე. პოზიტიური სიგნალები აშშ-დან ძალიან საჭიროა, კონკრეტული სიგნალები საჰაერო თავდაცვაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პასუხს წინადადებაზე, რომ შევიძინოთ სისტემები, რომლებიც დაგვეხმარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.