Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7483 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7487 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1143 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.

ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. გაიმართა მოდიფიცირებული დიზაინის საარჩევნო დოკუმენტაციის დემონსტრაცია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველი არჩევნების შემდგომ ახორციელებს განვლილი არჩევნებისა და გამოკვეთილი საკითხების ანალიზს, რის საფუძველზეც თანმიმდევრულად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვოს, ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება და მომავალშიც მიიღოს შესაბამისი პრევენციული გადაწყვეტილებები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხორციელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის მიმოცვლას და კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე.

დღეს გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის 20 წარმომადგენელი და ცესკოს აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი დაესწრო.

(R)

 რუსთავში ინტერპოლით ძებნილი, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

 

“რატომ არის კიევი კმაყოფილი, რისკების მიუხედავად, აშშ-სთან ხელმოწერილი სარესურსო გარიგებით”-BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბიბისის” (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია სათაურით: “რატომ არის კიევი კმაყოფილი, რისკების მიუხედავად, აშშ-სთან ხელმოწერილი სარესურსო გარიგებით“ (ავტორი – სვიატოსლავ ხომენკო, კიეველი კორესპონდენტი). პუბლიკაციაში განხილული და კომენტირებულია 30 აპრილს აშშ-უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და სარგებლობის შესახებ.

გთავაზობთ  სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილი სარესურსო გარიგების შედეგთა შეფასება, ალბათ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ თვეებისა და წლების შემდეგ. ბოლოსდაბოლოს, ამერიკელებმა მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ავღანეთთანაც და იმ დროსაც ვაშინგტონმა და ქაბულმა სარესურსო თანამშრომლობის პოზიტიურობაზე დიდი ავანსები გასცეს… მაგრამ სადაა დღეს ის პერსპექტივები და იმედები? „წარილტვნენ, გაჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად“.

მაგრამ უკრაინა, რა თქმა უნდა, ავღანეთი არ არის. ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე იოლი იქნებოდა დღესვე გველაპარაკა გარიგების ტაქტიკურ და სწრაფ შედეგებზე, თუმცა ეს არასწორი იქნებოდა. ამასთანავე, აშკარაა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ახალ დინამიკა შეაქვს სამკუთხედში „აშშ-რუსეთი-უკრაინა“, რომელშიც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ეჯიბრებიან აშშ-ის კეთილგანწყობის მოპოვებაში, პარალელურად კი ერთმანეთს აბრალებენ სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს.

უკრაინის დიპლომატიის გამარჯვება

საკმაოდ ბევრი ავტორიტეტული კიეველი კომენტატორი სარესურსო გარიგების დადებას უკრაინული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებენ. რამდენადაც ჩანს, დოკუმენტის ტექსტიდან ამოღებულია კიევისათვის ყველაზე მტკივნეული პუნქტები. მასში უკვე აღარ არის ნახსენები უკრაინის ვალები აშშ-ის წინაშე, ადრე გაწეული დახმარების თაობაზე. გარიგებით დაფუძნებულ სუვერენულ ფონდში აღარ შედიან უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ფონდის მმართველობა იწარმოებს გარიგების ორივე მხარის მიერ პარიტეტულ საფუძველზე.

დოკუმენტში არის ერთი ახალი მნიშვნელოვანი ელემენტი: აშშ-ის მხრიდან შეიარაღების სამომავლო მიწოდება ჩაითვლება ფონდში ვაშინგტონის მიერ შეტანილ წვლილად, რაც სინამდვილეში იმის აღიარებაა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის. ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი კიევისათვის, რომელსაც ეშინია, რომ რაღაც მომენტში ვაშინგტონმა  შეიძლება იარაღის მიწოდება სხვადასხვა მიზეზით შეწყვიტოს.

რა თქმა უნდა, კიევში არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიუთითებენ სარესურსო გარიგების რისკებზე და პრობლემურ მომენტებზე უკრაინისათვის – საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ დოკუმენტში მინიშნებაც კი არ არის უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, სავარაუდოდ, ასეთ საკითხებს უკრაინის ხელისუფლება გზადაგზა გადაწყვეტს.

ვაშინგტონის თვალსაზრისით, გარიგების დადება იდეალურ მომენტში მოხდა – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100-დღიან იუბილეს დროს. ზოგიერთი კომენტატორი ეჭვობს, რომ დოკუმენტის შინაარსი და ამერიკელი მომლაპარაკებლების უკან დახევა ზემაღალი მოთხოვნებიდან მეორეხარისხოვანი მოვლენაა იმასთან შედარებით, რომ ამ მრავალჭირნახულ დოკუმენტს ხელმოწერა ეღირსა. უკრაინასთან დადებული გარიგების როლი იმის დამამტკიცებელია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო გარიგებები გააფორმოს და ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს საერთაშორისო არენაზე.

უკრაინისაგან გარიყული რუსეთი?

და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს დონალდ ტრამპის ამ გამარჯვებებთან არაფერი საერთო არ აქვს, კრემლს მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. უფრო მეტიც, თუ ყურადღებით მოვისმენთ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, შევამჩნევთ, რომ მასში სულ უფრო მეტი გაღიზიანებაა მოსკოვის მისამართით. დონალდ ტრამპის წინადადება – „მოდით, დავზავდეთ, მშვიდობა დავამყაროთ და ბიზნესიც ერთად ვაწარმოოთ“ რუსეთისაგან საბოტაჟი ხვდება პასუხით – „ჩვენ, რა თქმა უნდა, ზავის მომხრენი ვართ, მაგრამ.. აი, ჩვენი პირობები“. ასეთი სიტუაცია აშშ-ის პრეზიდენტში გაღიზიანებას, ფრუსტრაციას იწვევს – ტრამპს არ მოსწონს, რომ მისი ჩანაფიქრები არ სრულდება.

ერთი სიტყვით, ხატოვნად რომ ვთქვათ, მდინარის დინება დონალდ ტრამპი სულ უფრო ახლოს მიჰყავს უკრაინულ და ევროპულ პოზიციებთან, რომლის არსი ისაა, რომ სწორედ რუსეთი ითვლება მთავარ დაბრკოლებად მშვიდობის გზაზე.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპთან მუშაობის გამოცდილებამ არავინ ილუზიებში არ უნდა შეიყვანოს. ყველამ იცის, რომ იგი ცვლილებებისა და გარდაქმნების მომხრეა.

მაგრამ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ხშირად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებები კრიტიკულ ფაზაში შევიდა და რომ მომავალი ერთი-ორი კვირა გადამწყვეტი იქნება. მსგავს აზრებს ბადებს ვლადიმერ პუტინის განცხადებებიც უკრაინელებთან პირდაპირი მოლაპარაკების მზადყოფნაზე – ადრე ასეთი რამ რუს ლიდერს არასოდეს არ უთქვამს.

გადაიბიროს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე, დააფიქსიროს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ასეთ კულმინაციურ მომენტში, თანაც ისეთი მძიმეწონიანი „ღუზით“, როგორიცაა რესურსებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომელიც მსოფლიო ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში ორი თვის წინ მომხდარი ინციდენტით გაიცნო – ეს კიევისათვის ძალიან ძვირადღირებული მოვლენას წარმოადგენს.

ამიტომაც უკრაინა სიფრთხილეს იჩენს და იმედი აქვს, რომ სარესურსო გარიგების დადება აშშ-სთან  არამარტო კარგი ახალი ამბავია, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო მოლაპარაკების შემდგომ მსვლელობაზე, უკრაინისათვის სასიკეთო თვალსაზრისით.

უკრაინა: წიაღის სიმდიდრე

კიევის შეფასებით, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მსოფლიო მარაგის 5%.

მათ შორისაა გრაფიტის დაახლოებით 19 მილიონი ტონა დადასტურებული მარაგი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ამ მინერალის ექსპორტით მსოფლიოს ხუთი მთავარი მიმწოდებლის რიცხვში შედის. გრაფიტი გამოიყენება ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისათვის.

უკრაინაში თავმოყრილია ტიტანის ევროპული მარაგის 7%, რომელიც ფართოდ გამოიყენება თვითმფრინავების წარმოებაში, სხვადასხვა სახის მშენებლობაში, კერძოდ,  ელექტროსადგურების ასაგებად.

ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრია ლითიუმის მარაგი – ევროპული საბადოების თითქმის ერთი მესამედი. ლითიუმი თანამედროვე მძლავრი აკუმულატორების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს.

უკრაინაში მოძიებული სხვა რესურსებს შორისაა ბერილიუმი და ურანი, რომლებიც აუცილებელია ბირთვული რეაქტორებისა და, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ასევე უკრაინაში მდებარეობენ მარგანეცის, სპილენძის, თუთიის, ვერცხლის, ნიკელისა და კობალტის მსხვილი საბადოები.

გარდა ამისა, უკრაინაში ბევრი იშვიათ მიწა ლითონის საბადოა. იშვიათ მიწა ლითონების ჯგუფი 17 დასახელების ელემენტისაგან შედგება, რომლებიც გამოიყენება იარაღის, ქარის ტურბინების, ელექტრონიკისა და სხვა პროდუქციის დასამზადებლად.

ზოგიერთი მნიშვნელოვანი საბადო, მაგალითად, იშვიათ მიწა ლითონებისა და ტიტან-კობალტის ბუდობები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე მდებარეობენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

რადიკალური ოპოზიციისთვის კოალიციური მთავრობა მიმზიდველია, უნდათ, საზღვარგარეთელ პატრონებს დაანახონ, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან და მათთვის რევოლუცია დღის წესრიგში არ დგას -გია ვოლსკი

რადიკალური ოპოზიციისთვის კოალიციური მთავრობა მიმზიდველია, უნდათ, საზღვარგარეთელ პატრონებს დაანახონ, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან და მათთვის რევოლუცია დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი ხალხის მოტყუებაა.

„რადიკალური ოპოზიციისთვის კოალიციური მთავრობა მიმზიდველი თემაა, რადგან უნდათ, თავის საზღვარგარეთელ პატრონებს დაანახონ, რომ ისინი დემოკრატიისთვის იბრძვიან და მათთვის დესტაბილიზაცია, რევოლუცია დღის წესრიგში არ დგას. რაც მთავარია, მათი მიზანია, ქართული საზოგადოება მოატყუონ. რომელ კოალიციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ყველას ერთი ნიშანი სცხია – ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში დესტაბილიზაციის და რევოლუციის გზით მოვიდნენ. კოალიციის იდეის წარმოშობა ხალხისთვის სატყუარა, გარკვეული პიარული ბალანდაა, რომ ის ადამიანები გამოკვებონ, რომელთაც არ ესმით, რა ხდება რეალურად და რაც შეიძლება მეტი ქუჩის მებრძოლი შემატონ თავიანთ ბნელ იდეებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თიბისი აგრობიზნესისთვის – აჭარული  ლურჯი მოცვის მოგზაურობა დასავლურ ბაზრებზე

ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.

მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქართველოში მისი მოყვანა 2010 წლიდან იწყება. ჯემალ ცეცხლაძე კი აჭარაში პირველი იყო, ვინც ჩაის ძველი, გაველურებული  პლანტაცია ამოძირკვა და ახალი კულტურით ჩაანაცვლა.

კენკრის ამ სახეობის  სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ასევე ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხოთ- ზედმიწევნით ზუსტად  ჩამოგიწერთ. აი, 2016 წელს კი,  როდესაც  ცეცხლაძეები ბაზრის ანალიზს აკეთებდნენ და ტენდენციებს სწავლობდნენ, chatgpt არ არსებობდა და სარისკო ნაბიჯების გზამკვლევი თავადვე შეადგინეს.

„ამ პროცესში, შეღავათიანი აგროკრედიტი დამატებითი სტიმული იყო“- იხსენებს ჯემალ ცეცხლაძე. მეუღლესთან და პარტნიორთან ერთად, დეტალური ინფორმაცია მოვიძიე, ჩაის პლანტაციის ადგილას ჯერ სოიო დავრგეთ და გავანაყოფიერეთ, ნიადაგის სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი  მოცვის პირველი ნერგები გავაშენეთ.“

თავიდან საქმე არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის გამო რთულად წავიდა, თუმცა როცა შესაბამისი ჯიშის ნერგს მიაგნეს, აღმოჩნდა, რომ ლურჯ მოცვს მჟავე ნიადაგი ძალიან უყვარს და არც სუბტროპიკული ჰავა იუცხოვა.

„ჩვენთან მოყვანილი ამ ჯიშის მოცვი ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე სხვა ქვეყანაში და ეს ფაქტი უცხოელ პარტნიორების გაოცებას იწვევს.  ძალიან მოუხდა შავი ზღვის კლიმატი. ნაყოფიც ბევრად უფრო წვნიანი და მსხვილია. თუმცა, ეს  შედეგი დიდი შრომის შედეგად მოდის. მცენარეს მუდმივი ზრუნვა სჭირდება და ერთ შეცდომას არ გაპატიებს.“- გვიხსნის ფერმერი.

დღეს მსოფლიოში  მოცვზე დიდი მოთხოვნა არსებობს და  ბაზარზე ფასი სტაბილურად მზარდია. თუმცა, რადგან თამასაც მაღალია და მწარმოებლებს ევროკავშირის ასევე გალფის ქვეყნების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა უწევთ. ქართულ მოცვზე მოთხოვნა კიდევ ერთი ქვეყნიდანაც არსებობს და არც მაღალ  ხარისხს ითხოვს, თუმცა ჯემალ ცეცხლაძე  ერთი შეხედვით მაცდურ „ჩრდილოეთის ბაზარს“ სტაბილურად არ განიხილავს და  მთავარ ფოკუსს დასავლური ბაზრის სეგმენტზე აკეთებს.

„დააახლოებით 3-4 ტონის რეალიზაციას საქართველოში ვახდენ.მეურნეობაში შესაბამისი სამაცივრე ინსფრატრიუქტურა გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზეც  მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ბანკის მხარდაჭერის  გარეშე ამხელა პროექტს ვერ შეეჭიდები“- ამბობს ჯემალი.

მისი თქმით, კონკურენცია ქვეყნებს შორის მაღალია. მაგალითად: მაროკო მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევა და ევროპის კონტინენტსაც ამარაგებს. იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ახერხებს ეს ქვეყანა ამხელა გზაზე კენკრის უვნებლად ტრანსპორტირებას, ქართველი მწარმეებისთვისაც მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.

28  ჰექტარიდან ნახევარ ტერიტორიაზე მოცვის ახალი ჯიშებია გაშენებული, რომელიც  დანარჩენ ბაღში გაშენებულ ნერგებზე გაცილებით მდგრადი და უხვმოსავლიანია. შემდეგი ნაბიჯი ძველის სრულად ახლით ჩანაცვლებაა. ამ გეგმის განხორციელებაშიც ცეცხლაძეებს კვლავ „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

®

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

„გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე, 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.

ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე, დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

2025 წლის 1-ელ მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.

დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე – 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კონცეპტში

ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

ბაირონ სმიტი |ძირითადი ფოკუსი: თხრობის მართვა ფოტოების მეშვეობით

5 მაისი, ორშაბათი

მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი კონცეპტი, მე-4 სართული
18:00-19:00

ბაირონ სმიტი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები მიზნად ისახავს, მოიხელთოს კონფლიქტისა და მიგრაციის უშუალო არსი, იმ იმედით, რომ ამ ისტორიების ექო მსოფლიოზე გავლენას მოახდენს. მას გაშუქებული აქვს ისტორიები კონფლიქტის ისეთი ზონებიდან, როგორიცაა ერაყი, სუდანი და უკრაინა; ასევე, ისეთი ქვეყნების ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი, როგორებიცაა ჩრდილოეთი ირლანდია, ყაზახეთი და ფოტოგრაფის მშობლიური აშშ.

ჯაილზ კლარკი | კონფლიქტებისას მოსახლეობის მსხვერპლის გაშუქება

5 მაისი, ორშაბათი

მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი კონცეპტი, მე-4 სართული
19:10-20:00

ჯაილზ კლარკი გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ფოტოჟურნალისტია, რომლის ინტერესის სფეროა მიმდინარე და კონფლიქტების შემდგომი მსოფლიო პრობლემების ამაღელვებელი მომენტები. ფოტოგრაფის კარიერა მან დაიწყო დასავლეთ ბერლინში, შემდეგ გააგრძელა ლონდონში და ბოლოს დამკვიდრდა ნიუ-იორკში.  ჯაილზ კლარკი უკანასკნელი 18 წლის მანძილზე აშუქებდა ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე სერიოზულ ზონებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო იმ ფასის გადახდასა და მსხვერპლზე, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს; ასევე, სოციალური და ეკოლოგიური უსამართლობის ბევრ სხვა პრობლემაზე.

ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, 2025 წელს, კლარკი წარმოადგენს ფოტოებს, გააზიარებს ამბებს ამ რეგიონებიდან ზოგიერთში მუშაობის შესახებ და დამწყებ ფოტოჟურნალისტებს, რომელთაც ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით პრობლემური საკითხების დოკუმენტირება სურთ, რჩევებს მისცემს.

®

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრნენ

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრნენ.

PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. „Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.

EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და  აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმოამდგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ  სტუმრებს გააცნოსაწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები. PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო.

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას.  ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხამრებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“

უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.

(R)

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება

2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება.

ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ყოველდღიურობის ნაწილი იყო.

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცაღა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.

რას გულისხმობს წლევანდელი გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება?

წლევანდელი ღონისძიების თემატიკა იქნება გიორგის ერთ-ერთ გამორჩეული თვისება: გიორგი როგორც ანტრეპრენერი. გიორგის მეგობრები, რომლებიც აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორები არიან, საზოგადოებას გააცნობენ იმას, თუ რაში მდგომარეობდა გიორგის ანტრეპრენერული სულისკვეთება და რა იყო ამის შინაგანი მამოძრავებელი ძალა.

2025 წლის დაჯილდოება  4 ნომინაციისგან შედგება და ის ღია იქნება ყველასთვის, როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

წლევანდელი ნომინაციის კატეგორიებია:

  • Ecosystem Hero
  • Boldest Startup
  • Super Connector
  • Growth Catalyst

წელსაც, დაჯილდოების მიზანი იქნება:

  • გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა;
  • ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას;
  • სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში;

დაჯილდოება დაკავშირებული იქნება  ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5 ათას ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა.

ნომინაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: ნომინაციის რეგისტრაცია

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა  -16 მაისი, 2025.

(R)

“დავტოვე “რადიო თავისუფლება”, ვერ შევეგუე მენეჯმენტისგან განსხვავებული მოსაზრების გამო წამყვანი ჟურნალისტების გათავისუფლებას”- კობა ლიკლიკაძე

ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ, რომელმაც “რადიო თავისუფლებაში” მეოთხედი საუკუნე გაატარა, საგანგებო წერილი გამოაქვეყნა:

“დღეს დავტოვე რადიო თავისუფლება (RFE/RL), სადაც ზუსტად 24 წელი დავყავი: 9 წელი თბილისის ბიუროში, 14 წელი პრაღის სათაო ოფისში და ბოლო 4 თვე უკან თბილისის რეგიონულ ოფისში.

რადიო თავისუფლების მიკროფონით ვიყავი ავღანეთსა და ერაყში, ვაშუქებდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. ვაშუქებდი კოდორისა და პანკისის მოვლენებს. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც დრო ხმაურობდა.

მაგრამ წასვლა სწორედ ასე წარმომედგინა-ჩემი ნებით, წყნარად, ზედმეტი ცერემონიების გარეშე, მით უფრო, რომ დღევანდელი ეგზისტენციური საფრთხის პირობებში რადიოში არავის სცალია საზეიმო გაცილებებისთვის…

წარმატება ყველას, ვინც რჩება!

ყველა ჩემ ძვირფას კოლეგას თბილისსა თუ პრაღაში, სადაც მე ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და სადაც, როგოც პოეტი იტყვის, ბევრგან “დავტოვე ჩემეული თითო ნიღაბი”

-ამ შემთხვევაში ესაა ათასზე მეტი რადიორეპორტაჟი, ინტერვიუ, ანალიტიკური წერილი თუ ბლოგი,

-საკვირაო რადიოგადემები “ჯარისკაცი და სახელმწიფო” და “დაბრკოლების ზოლი “,

-ტელეგადაცემა “პერსპექტივა” ოქროპირ რუხაძესთან თანაავტორობით.

ისინი არსად დაკარგულან, რადიოს არქივი ცოცხალია და ინახავს კადრებს, სტატიებს, ფოტოებს, უნიკალურ ხმებს..

მათ შორის პირდაპირ ეთერში, ახალი ამბების შესავლის კითხვის დროს, 2016 წელს წამოცდენილ ჩემ კურიოზს, თუ როგორ დართო რომის პაპმა მრევლს, გარკვეულ შემთხვევებში, რეზერვისტების ხმარების უფლება. “მაპატიეთ, პრეზერვატივების ხმარების უფლება”, – გავასწორე შეცდომა.

დიახ რადიოში მუშაობის ამ 24 წლის განმავლობაში სასიხარულოც ბევრი იყო და გულსატკენიც.

რასაც ბოლომდე ვერ შევეგუე და რაც ჩემს გამოსათხოვარ წერილშიც აღვნიშნე, ესაა უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის ან “რეორგანიზაციის” სარჩულით…რასაც ჟურნალისტებმა ანგარიშსწორების (retribution) აქტი უწოდეს.

დაახლოებით ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ეპყრობა დღეს მთელ რადიო თავისუფლებას, რომელსაც რეალურად ემუქრება ეთერიდან გათიშვა.

მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა, რომ რთე/რთ-ბა, ეს უნიკალური, მრავალეროვანი და მრავალფეროვანი მედიაკორპორაცია, გაუძლებს დღევანდელ გამოწვევას და გადარჩება, როგორც ეს ერთხელ მოხდა “ცივი ომის” შემდეგ.

გადარჩება, რადგან ეს რადიო, როგორც “ქუინის” სიმღერაშია, ჯერ კიდევ უყვარს და ჯერ კიდევ სჭირდება არაერთ ადამიანს მსოფლიოში”, – აღნიშნულია ჟურნალისტის წერილში.

„ნაციონალების“ დროს მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს, სისხლიანო რეჟიმო, ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა გაქვთ? თქვენ საქართველოს ჰაერს არ უნდა სუნთქავდეთ -მიხეილ ართმელაძე

მე თანამდებობის პირებმა მომიკლეს შვილი, ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი სიკეთის ნაცვლად, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალების“ დროს  მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს.

„მეუბნებიან, ნუთუ, ამ ხელისუფლების პერიოდში რაიმე მკვლელობები არ არის? ამაზე პასუხს ვცემ და ვკამათობთ, დამიმტკიცეთ ხელისუფლების ისეთი წარმომადგენელი, რომელიც აიღებს ავტომატს და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ინადირებს, საკუთარ მოქალაქეებს დახოცავს. მთელ ხელისუფლებას ავტომატი ჰქონდა დაკავებული და ატრიალებდა მოქალაქეების მისამართით. მე თანამდებობის პირებმა, ჯალათებმა, იგივე „დედიკოს ბიწებმა“ მომიკლეს შვილი. ამაზე პასუხი არ აქვთ. „ნაციონალების“ დროს თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ხოცავდნენ ადამიანებს და ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს ვისი ბრალია? არ მინდა, დავმალო, კაფე-ბარში გამოთვრება პიროვნება, გამოვა ქუჩაში და ვიღაც მშვიდობიან მოქალაქეს დანას დაარტყამს, იმსხვერპლებს და მთავრობაა ამაში დამნაშავე. მინდა, სწორად გაიგოს საზოგადოებამ. მეხუთე ნომრები რამდენად მავნებლები არიან და დღეს კიდევ ვერ ითავისებენ იმას, რომ სისხლიან რეჟიმს გვერდით უდგანან.

სისხლიანო რეჟიმო, თქვენი მისამართით, ტრიბუნიდან ვამბობ, არ მეშინია, ჯალათებო, თქვენ შვილებს ლოყებზე კოცნით, ჩვენ ჩვენ შვილებს საფლავებზე ვკოცნით. ეს გაითავისეთ. მორალ-ღირსება დაკარგულებო, რამდენი უდანაშაულო დედა შავებით შემოსეთ, მოუსწრაფეთ სიცოცხლე, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეთ და გაანადგურეთ. ჯალათებო, მორალ-ღირსება დაკარგულებო, კიდევ პოლიტიკაში შემოდიხართ და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა გაქვთ?! ნუთუ, მორალი არ გაგაჩნიათ. თქვენს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ზედმეტია საუბარი, საქართველოს ჰაერი არამია თქვენთვის, არ უნდა სუნთქავდეთ. თქვენ უნდა გადაიკაროთ ჯოჯოხეთში. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გამშფრავს, მე რას ვამბობ. ჩემი ოჯახის თამადობით, რამდენი უდანაშაულო ოჯახი გააპარტახეს. მე განადგურებული ოჯახი ვარ. ჩემი შვილი სწავლობდა სამედიცინოზე, დღეს ექიმი იქნებოდა. ნუთუ, ჩემი შვილი მისი სიცოცხლის განმავლობაში ოჯახს სიკეთეს არ მოუტანდა? ახლა ჩემმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა, ჩემი მეუღლე შეიწირა, დასაფლავებულია. ამიტომ იმ ჯალათებმა ჩემს შვილს ჩემს ოჯახში მოატანინეს ორმაგი ტრაგედია, ორმაგი ტკივილი სიკეთის ნაცვლად. ჩემ შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა, ამოღებული იყო ყველაფერი, გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თეთრი თოკით. ცარიელი „ფუტლარი“ მომიყვანეს. სააკაშვილის გუნდმა, ჯალათებმა გამიპარტახეს ოჯახი“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.