Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ოთხი ქალი მსჯავრდებულია, ხოლო რვა მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, სხვას ეძახიან „რუსული კანონი“, „რუსული ფული“ და ეს ხალხი ოფიციალურად ფინანსდება რუსეთიდან -იაგო ხვიჩია

პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კანონი“, „რუსული ფული“. რაღაც გიჟობას იძახის ხალხი, რომელიც პუტინისგან ფინანსდება, ოფიციალურად ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ელენე ხოშტარიას აქტივისტი, არ შეიძლება, დასავლელი და ევროპელი იყოს.

„პარლამენტის უკანა მხარეს ჩვეულებრივი ხალხი აპროტესტებს და რაღაც ადგილებში სხედან რომელიღაც პარტიის პოლიტიკური აქტივისტები, უდონო აქტივისტები, არაფერი რომ არ შველით. „ფეიქსბუქზე“ წერდნენ, იაგოს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მიტინგზე, ამიტომ ვეძახით რაღაცებსო. პირადად გავსაუბრებივარ ათას ადამიანს და მთელ მიტინგზე სამი აქტივისტი, ერთი და იგივე ადამიანი, ხოშტარიასი ან ლგბტ აქტივისტები და ვიღაც უცნაური ხალხი კვოტებზე გიხურებს რაღაცას. ერთი მიხურებდა, რადგან, მისი აზრით, კატები არ მიყვარდა. სად ნახა ჩემი კატების სიყვარული ან სიძულვილი, კატაზე ხმა არ ამომიღია, ერთი ის მაქვს ნათქვამი, კარაკალის კატა მიყვარს-მეთქი, სხვა არაფერი მითქვამს. ესენი ასევე არიან მიტინგის დამშლელები. რამდენიმე რაღაც არის, რომელიც მიტინგს შლის. არსებობს ხალხი, რომელიც ცალკე არის რუსთაველზე და იმას საერთოდ არ ეხება, არის ხალხი, რომელიც ერთ კარს ეჯაჯგურება, იმას პარლამენტში შევარდნა არ უნდა, რადგან თუ შევარდნა გინდა, პარლამენტს ბევრი კარი, ფანჯარა აქვს, შესავარდნად სხვანაირად იქცევი. რატომ უნდა შევარდე შიგნით, სპეცრაზმია. ბოლო-ბოლო, თუ შევარდნას აპირებ, სხვანაირად უნდა ახსნა, რომ სხვა გზა არ არის და სადღაც უნდა შევარდე. ასეთი რაღაცები აფრთხობს ხალხს. ამას დამატებული ის ხალხი, ვინც ვითომ მხარდამჭერები არიან, „ენჯეოშნიკები“ და ვიღაცები, რომლებიც მხარდამჭერ ხალხს ყოფენ. ვიღაც გენდერებში რომ არ ეთანხმება, ამის გამო აკრიტიკებენ. რამდენი რაღაცებია უთავობის გამო. ის, რომ ამერიკელებს აქ არასათანადო ხალხი წარმოადგენენ – ვითომ პროდასავლელი აქტივისტები, სინამდვილეში, პრორუსები არიან. როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიას აქტივისტი დასავლელი და ევროპელი იყოს, ის კი შეიძლება, უნდოდეს, მაგრამ რუსეთიდან ფინანსდები, მთელმა ქვეყანამ იცის და საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცე. ინტელექტუალური საკუთრებისთვის მაფინანსებენ რუსებიო. სხვას ლანძღავ და ვითომ დადიხარ, იმათი ოკუპირებული 20% არ მავიწყდებაო, კაი კაცო, ფულს რომ იღებ, მაშინ ხომ გავიწყდება და მართლა სხვას როგორ ლანძღავთ, გიჟები ხომ არ ხართ?“ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 მათ იციან, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ცდილობენ, მაქსიმალურად ესკალაციით, დესტაბილიზაციით მივიდნენ რევოლუციურ სცენარამდე-ლევან ნიკოლეიშვილი

მათ იციან, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ესკალაციით, დესტაბილიზაციით, სიტუაციის დაძაბვით რამენაირად მივიდნენ რევოლუციურ სცენარამდე“ , – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ოპოზიციის შესახებ.

„რეალურად ხდება ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებამდე არ მივიდეს პროცესი, ყოველ შემთხვევაში, ასე აქვთ ამ ძალებს წარმოდგენილი, ვინაიდან ერთი მარტივი მიზეზი არსებობს. მათ იციან, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ესკალაციით, დესტაბილიზაციით, სიტუაციის დაძაბვით რამენაირად მივიდნენ რევოლუციურ სცენარამდე. მათ იციან, რომ არჩევნებში ძალები არც ეყოფათ და გამარჯვება არც უწერიათ“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა კარგად შეიგრძნეს მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საქართველოში.

„ხალხი, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ჩვენმა მოქალაქეებმა შეიგრძნეს, დატკბნენ მშვიდობით და სტაბილურობით, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, ამით გამორჩეული ვართ კავკასიაში, რეგიონში. გავიხედოთ, სად რა ხდება, თითქმის ყველგან დაძაბულობის კერა არის საგარეო პოლიტიკურ ველზე და ფრონტზე. ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არ აწყობთ არც შიდა აქტორებს, არც გარე აქტორებს ბევრი მიზეზიდან გამომდინარე“, – მიაჩნია ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე შეფასებით, გამჭვირვალობის კანონპროექტი მხოლოდ მიზეზად არის გამოყენებული.

„აქციაზე მყოფმა ბევრმა ადამიანმა შესაძლოა, მართლაც არ იცოდეს, რა წერია იქ და ამის გამო სპონტანურად უწოდებენ რუსულ კანონს, მაგრამ ლიდერებმა მშვენივრად იციან, რას ეხება ეს კანონი, ამ კანონის მიღებით როგორ მოხდება შავი ფულის შეჩერება და მათი საბოლოოდ გაპარტახება. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ისინი ამ კანონს. ახლა ფიქრობენ, რომ ეს გარკვეული მუხტი, რაც არსებობს, თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ. დღეს გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, ამ ძალებით, რომელიც აქციაზეა წარმოდგენილი, სათავისოდ გამოიყენოს, ყვარყვარესავით სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს პროცესები. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ლოზუნგი არა მხოლოდ „არა რუსულ კანონს“ იქნება, არამედ მთავრობის გადადგომა, სააკაშვილის გარეთ გამოშვება, უკრაინისთვის საომარ მოქმედებებში მხარდაჭერა აქტიურად და არა სიტყვით და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ ძნელი, მაგრამ სახიფათო თამაში, რომელიც წამოიწყეს რადიკალებმა, რომლებსაც ასევე აქვთ გარკვეული იმედი უცხოეთიდანაც – ვხედავთ ჩვენ მხარდამჭერ განცხადებებს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ლიდერებისგან“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

მანამდე, შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი, თუ არ იქნებოდა ამის საჭიროება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე.

„ზოგადად, გზის გადაკეტვა არის დარღვევა. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე თუ არ დაეტევა ხალხის რაოდენობა, კი ბატონო, ოღონდ ჩვენთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა არ ხართ. ჩვენ გაფრთხილებთ, გზა არ დაიკეტოს, თუ ამის საჭიროება არ იქნება, თორემ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. იგივეა მსვლელობის შემთხვევაში. თუ იქნება ის რაოდენობა, რომ ვერ დაეტევით ტროტუარზე, კი ბატონო, მაგრამ ტროტუარზე თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი იქნება, მაშინ გზაზე არ უნდა გადმოხვიდეთ“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

 19:00 საათისთვის პარლამენტთან დაანონსებულია აქცია პოლიტიკური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, პარტია „ახალის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია – რობინ დანიგანი

xr:d:DAFeG3AgsbY:621,j:4293454287221328880,t:23072813

დანიგანის თქმით, სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

„ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის, რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, – აღნიშნულია დანიგანის განცხადებაში.

საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია – ნათია თურნავა

საქართველოში საფინანსო სექტორი არის მდგრადი და შოკებთან მედეგი, რაც 2023 წლის შედეგებმა დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ჩვენი ბანკები იმდენად ძლიერები არიან, რომ გადიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, თიბისი ბანკი წარმოდგენილია უზბეკეთში ციფრული მიმართულებით. საქართველოს ბანკი შევიდა სომხეთში და იქ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი შეიძინა. ასევე სხვა ბანკებიც ძლიერდებიან, საკმარისი კაპიტალიზაციით გამოირჩევიან, საკმაოდ სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნიათ. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევი ძალა იქნება და დარჩება ჩვენი საბანკო სექტორი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.

„ჩვენ კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგალითად, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის. საფინანსო სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით“, – განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6788 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8684 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8583 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვთ, ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას – გია ვოლსკი

უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკი ბოლო დღეებში თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამას უკვე რამდენი ხანია, ვამბობთ. არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა. 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც. ასე რომ, შეგვიძლია, კალენდარულად ჩამოვთვალოთ ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, იყვნენ აგრესიული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ

ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ იმის გამო, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებისა, რომ გაეწვიათ ის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ.

„ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული არსებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მომავალ მოსაზრებას და განიხილონ მისი რეკომენდაციები რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად მოქმედი დემოკრატიისთვის და გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

„ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით ისარგებლონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. იმედი მაქვს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს პროდუქტიულ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11-წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება” – არჩილ თალაკვაძე

უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საერთაშორისო პარტნიორებს.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს არის ობიექტური შეფასებები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს. ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას დაჰპირდა წინასაარჩევნოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ იქნებოდა ზეპარტიული, გამაერთიანებელი და ობიექტური ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს გამოიყენებდა ქვეყნის ინტერესებისთვის. ახლა ვხედავთ, რომ კოორდინაციას უწევს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ რადიკალურ ძალებს და მისი განცხადებები, დღის წესრიგი დიდწილად ემთხვევა ასევე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მითუმეტეს ამ დღეებში, როდესაც საჭიროა მეტი სიმშვიდე, საჭიროა მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის ნაცვლად ვხედავთ განცხადებას, რომელიც პირიქით ნავთს ასხამს ცეცხლზე და კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს საზოგადოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს.

„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას“. – ეს შაბლონური წინადადება სახეცვლილი და ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ ლექსიკონშია, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მე საპირისპიროდ, მათი პოზიციის შესაფასებლად გამოვიყენე. ვფიქრობ, მათ ყველაზე მეტად სტანდარტული, გლობალური ომის პარტიის გაიდლაინებით გაწერილი ენა ესმით. გუშინ, ამ ბიუროკრატიის „მმართველმა“, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და „შეშფოთებულმა“, თბილისის ქუჩებში ძალადობა დაგმო, ასევე გვითხრა, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ზუსტად რომ არ ვიცოდე, რა მიზანი ამოძრავებს ფონ დერ ლაიენს და რა დავალებას ასრულებს ის მიმდინარე პროცესებში, ვიფიქრებდი, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივ აქციას გმობს, რამეთუ გუშინ ქართველმა ხალხმა იხილა ცალმხრივი ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან, შენობების პიკეტირება, გადამწვარი შენობები და პარლამენტის სასახლის განადგურების მცდელობა. თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენს სულაც არ უფიქრია რადიკალების აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების დაგმობა, უფრო მეტიც, მისი განცხადების მთავარი მიზანი იმ ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო, რომელიც თბილისის ქუჩებში აქაური აგენტურის მითითებით რევოლუციისთვის გაწვრთნილმა ჯგუფებმა დაანთეს.

ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი და ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ის ჩაკეტილი წრე, რომელზეც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დაგვატარებს ფუნქციადაკარგული დასავლური ბიუროკრატია. ამ გზაჯვარედინზე ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი გზაა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის განმტკიცების მომტანი, ხოლო „დაუძინებელ მეგობრებს“ ყველაზე მეტად აშფოთებთ და ადარდებთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მიზეზი მარტივია – როდესაც ხარ ძლიერი, აღარ ხარ მოწყვლადი გარე ჩარევებისგან, როდესაც ხარ ძლიერი, მარტივად შიფრავ და ანეიტრალებ იმ ძალებს, რომლებსაც საქართველოში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ და მუდმივად ზრუნავენ იმ ჯგუფების გაძლიერებისთვის, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში მათი კარნახით ქვეყანას ან ომის ქარცეცხლში გახვევენ, ან როგორც მინიმუმ, რეგიონში საკუთარი პოლიტიკისა და ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ. ამიტომ დღეს ჩვენ გვიდგას საკითხი მარტივად – ან ვაძლიერებთ საქართველოს სუვერენიტეტს, ან ვთმობთ პოზიციებს და ვაგრძელებთ ჩაკეტილ წრეზე სიარულს იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაგვტეხავენ და NGO – ების ხელით ხელისუფლებაში აგენტურას დააბრუნებენ.

ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადამწყვეტ როლს სწორედ ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის „ლიდერები“ ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენია. მისი გუშინდელი განცხადება კი კიდევ ერთი დასტურია, რომ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები ყველაფერზე წავლენ, რომ საქართველოში პროცესები უმართავი გახდეს, რამეთუ ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ და ერთადერთ შანსს სწორედ არეულობასა და ქაოსში ხედავენ. მათ კარგად იციან, რომ თევზის დაჭერა მღვრიე წყალში ბევრად უფრო მარტივია. საქართველოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასავლეთიდან უტიფრად უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერებაზე თავად ევროპელ სამართალდამცველებს აქვთ სერიოზული კითხვის ნიშნები.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტი ამერიკულმა მედიამ კორუფციაში ამხილა, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდპანდემიის დროს, ვაქცინების შესყიდვის პროცესში ერთ-ერთი კომპანიის სასარგებლოდ, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და ეს სისხლის სამართლის საქმე დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული თავზე. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი ევროპული სამართლის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპის დასტურია. პირიქით, ამ გარემოების გამო ევროკომისიის პრეზიდენტი სრულად არის შებოჭილი საკუთარ გადაწყვეტილებებში, რამეთუ ერთი შეუთანხმებელი ნაბიჯის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიის მესვეურები აღნიშნულ ბერკეტს გამოიყენებენ და მარტივად, „სამართლებრივი საფუძვლებით“ გაანეიტრალებენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ “სამართლებრივ” პროცესებამდე 1 წლით ადრე, ფონ დერ ლაიენის ქმარი, ყველასთვის მოულოდნელად ერთი რიგითი სამედიცინო მუშაკობიდან პირდაპირ ამერიკული სამედიცინო გიგანტის, კომპანია „ორგენეზისის“ დირექტორად დაინიშნა, რომელიც პანდემიის დროს ვაქცინების განაწილებით იყო დაკავებული. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის უმეტეს წილებს ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი „ბლექროკი“ ფლობს, რომელსაც თავის მხრივ ის ოჯახები მართავენ, რომელთა უკიდეგანო გავლენამ დასავლურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტორებზე სრულად გააკონტროლა დასავლური პოლიტიკური კონიუნქტურა.

სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი ოჯახის წევრის კარიერული წინსვლის პარალელურად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ზუსტად ანალოგიური პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოჯახსაც შეეხო. კერძოდ, სანამ ზურაბიშვილი ბოლომდე გაფორმდებოდა ადგილზე მოქმედი აგენტურის რიგით წევრად და ბოლომდე ჩადგებოდა მათ სამსახურში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჯერ მისი ქალიშვილი რიგითი ჟურნალისტობიდან თეთრი სახლის პრეს-სამსახურში გადაიყვანეს, ხოლო ვაჟი არც მეტი, არც ნაკლები – საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩევლად დანიშნეს. აქაც ნათელია, რომ გლობალური ომის პარტია უხეში, მაგრამ ზედმიწევნით გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველი ხალხისათვის უბრალოდ შეურაცხმყოფელია მსგავსი პერსონების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ პროცესებში უხეში და მავნებლური ჩარევები. უმჯობესი იქნებოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად იმაზე ეზრუნა, რომ სრულად განადგურებული ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპები როგორმე რეპუტაციულად გადაერჩინა, თუმცა ეს ილუზია დღეს არავის აქვს, რადგან ევროკავშირის იდეის მიზანმიმართულ ნგრევაში მისი როლი საკმაოდ დიდია“, – აღნიშნულია წერილში.

არცერთი ცნობილი ადამიანი არ გამოსულა და არ დაუგმია წუხანდელი ვანდალიზმის, ძალადობის ფაქტები, რაც სამწუხარო რეალობაა – კახა კალაძე

გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომელმაც ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.

„წუხანდელი ფაქტები ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება, გამოეყონ აღნიშნულ მოვლენებს. რაც ხდებოდა, მათი პატრონების მიერ იყო დაგეგმილი. გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ – ვანდალიზმი, ინფრასტრუქტურის დაზიანება. ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი, რომ ასეთი რამ მოიმოქმედო. თუმცა, ცხადია, ყველა ასეთ დანაშაულს გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში. ყველაფერი არის იგივე, როდესაც ახალგაზრდების რეკრუტირება ხდებოდა აკერმანის წიგნის საშუალებით. მე გაჩვენებთ ფოტოს, სადაც სიძე-დედოფალი ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. ეს არის კიევი, მაიდნის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტო, ვითომ ქორწილის ამსახველი. ალბათ გახსოვთ კადრები, რამდენიმე დღის წინ დადგმული სპექტაკლი, როდესაც სიძე-პატარძალი აქციაზე მივიდა. ეს არის იგივე მეთოდები. ისევ იქ არიან ჩარჩენილი და მიყვებიან აკერმანს საფლავში. ვისაც უნდა, გაჰყვეს, გზა ხსნილია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გუშინდელი ვანდალიზმის აქცია არცერთ მსახიობს, მომღერალს თუ სპორტსმენს არ დაუგმია, რაც სამწუხარო რეალობაა.

„ამ აქციაზე ზოგი მართლა გულწრფელია, ზოგმა არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ყველა ამ ქვეყნის შვილები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გავამყაროთ და ასე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, ვზრუნავთ და მომავალშიც ვიზრუნებთ ამ ახალგაზრდებსა და მათ მომავალზე. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. ვაკვირდებოდი და არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა და ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.