“ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11-წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება” – არჩილ თალაკვაძე

17
spot_img

უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საერთაშორისო პარტნიორებს.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს არის ობიექტური შეფასებები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს. ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას დაჰპირდა წინასაარჩევნოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ იქნებოდა ზეპარტიული, გამაერთიანებელი და ობიექტური ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს გამოიყენებდა ქვეყნის ინტერესებისთვის. ახლა ვხედავთ, რომ კოორდინაციას უწევს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ რადიკალურ ძალებს და მისი განცხადებები, დღის წესრიგი დიდწილად ემთხვევა ასევე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მითუმეტეს ამ დღეებში, როდესაც საჭიროა მეტი სიმშვიდე, საჭიროა მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის ნაცვლად ვხედავთ განცხადებას, რომელიც პირიქით ნავთს ასხამს ცეცხლზე და კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს საზოგადოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.