ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება -შალვა პაპუაშვილი

20
spot_img

უწყებათაშორისი კომისიის საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთი მათგანი არ იღებს სხდომაში მონაწილეობას, უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, მოსყიდვასთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, მივიდნენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ.

„უწყებათაშორისი კომისიას რაც შეეხება, შევახსენებ საზოგადოებას, მედიას და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც, რომ ამ საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არც ერთი და არც მეორე არ იღებს ამ სხდომაში მონაწილეობას. უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, თუ არ ვცდები, არცერთში არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ, არც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მონაწილეობენ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, უნდა მივიდნენ ამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ, თუ აქვთ რაიმე მტკიცებულება და ინფორმაცია მოსყიდვასთან და სხვა ინფორმაცია. ეს არის ის საბჭო, სადაც უნდა წარადგინონ, მაგრამ არ მიდიან, მხოლოდ მედიისთვის აკეთებენ განცხადებებს, თან კითხვა-პასუხშიც არ შედიან და ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ არის სისტემური მიდგომა, რათა შეამზადონ საბაბი არჩევნების არაღიარებისთვის, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ექნება შექმნილი საარჩევნო შტაბი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. წარმოიდგინეთ, პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ასე შემდეგ; ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბები. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? დღისით, მზისით პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დარღვევა ხდება, ესეც ერთ-ერთი მოწმობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები – და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით – თავიანთ ანგარიშებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან დგანან კონკრეტული დონორები, ევროპელი და ამერიკელი დონორები, ეს არის მათი უშუალო და პირდაპირი პასუხისმგებლობა, რასაც დღეს აკეთებენ ეს ორგანიზაციები, დეზინფორმაციის გავრცელებით და ამაზე თვალის დახუჭვით. 2020 წელს ეს მწარე გამოცდილება უკვე მივიღეთ, როდესაც დონორებმა საკუთარი უპასუხისმგებლობით დაუშვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყალბი ანგარიშები გამოაქვეყნეს და ამით საქართველოს სტაბილურობას შეუქმნეს საფრთხე და საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.