ზურაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების კრიტიკას პრესსამსახურმა პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა

40
spot_img

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. მსაჯულები დამოუკიდებელ მოსამართლეებად მოიხსენია და ამით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა. ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად, გვერდზე ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება მიუღებელია. მათი თქმით, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ძალებისგან ნაკარნახევი, რომლებსაც აწყობთ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის და ოკუპაციის აღიარება.

მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილის მიერ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას სახელისუფლებო პარტიის ლიდერთა მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა. პრესსამსახური, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ მოსამართლეებთან მიმართებით ტერმინს „ეგრეთწოდებული“ იყენებს, თუმცა, თავად პრეზიდენტს თავის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც 16 მარტს, 12:50 საათზე დაწერა, ამ დრომდე არ ჩაუსწორებია.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის არ გაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე 16 მარტს, 18:55 საათზე გამოქვეყნდა.