აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტს 1 წლის წინ მიმართეს, თუმცა მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებია.
დღეს, 25 აპრილს, აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა. მშობლების თქმით, ისინი 19:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიიდან ათონელის ქუჩისკენ მსვლელობას გამართავდნენ.
მშობლების მიზანი იყო, რომ მათ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რათა ქვეყნის პირველ პირს მათთვის სოლიდარობა გამოეხატა.