ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს – შალვა პაპუაშვილი

19
spot_img

ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს.

„ცალკე სათქმელია და ბარემ აქაც გამოვიყენებ შესაძლებლობას, რომ ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ევროკომისიის კორიდორებში დაიარება, ხვდება იმ ხალხს, რომლებიც შემდეგ აქ ჭკუას გვასწავლის ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღიაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შესახვედრად.

გახსოვთ თქვენ, რომ ის ბრიუსელში შეხვდა, ხაზს ვუსვამ, მართლმსაჯულების კომისარს და ამის შემდეგ იწყინეს ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩვენი საყვედური ამასთან დაკავშირებით და თქვეს, რომ არ ვიცოდით ვინ იყო, უკრაინის გენერალურ პროკურორს ვხვდებოდით და დელეგაციაში იყო ვიღაცო. რამდენიმე კვირა გავიდა და მართლმსაჯულების კომისარი ჩავიდა უკრაინაში, კიევში და კიდევ ერთხელ შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, როცა უკვე იცოდა ზუსტად, რომ ხვდება კრიმინალს, რომელიც აქ წამების სისტემას ქმნიდა და რომელიც დღეს სათანამშრომლოდ ჰყავთ უკრაინაში მართლმსაჯულებისა და პროკურატურის რეფორმაში. ამიტომ, ეს ღირებულებების ნაკლებობა ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენში შეშფოთებას იწვევს და ქართველი ხალხი როდესაც ხედავს ამ სურათებს, რომ კრიმინალი ადეიშვილი დაიარება ბრიუსელის სხვადასხვა ოთახში, როდესაც ხედავს, რომ კრიმინალი კეზერაშვილი მფარველობით სარგებლობს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში და საქართველოში აფინანსებს რადიკალიზმს, რა უშლის ხელს ევროკავშირს, რომ გადმოგცეს კრიმინალი ადეიშვილი?! რა უშლის ევროკავშირს ხელს, რომ გადმოგცეს კრიმინალი კეზერაშვილი და რატომ ჰქონდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო და იქიდან ხელი ეფათურებინა, როგორც უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პოლიტიკაში და ათი წელი არ მოასვენა ჩვენი საზოგადოება იმ რადიკალური დღის წესრიგით, რომელიც მას შემოჰქონდა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, როდესაც დღეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დიპლომატი, თუ პოლიტიკოსი, რაღაც მორალური პიედესტალებიდან ღირებულებებზე გველაპარაკება, ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული ღირებულებებისა, თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს. მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა თავს აფარებდა ან დღეს აფარებს ევროპულ სივრცეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.