,,ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს”- რუსეთის საბაჟო სამსახური

88
spot_img

რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა განაცხადა.

„ზემო ლარსზე, ამჟამად, ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს. ჩვენ შეგვიძლია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება“, – განაცხადა მან.

დავიდოვის თქმით, გასულ წელს 5.5 თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის რეგიონში საბაჟოს თანამშრომლებმა ორივე მიმართულებით მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავეს, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში – უკვე 7,8 მილიონი ტონა.

„ვფიქრობ, რომ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონი ტონა ბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ ზემო ლარსში გვაქვს სავაჭრო ბრუნვის 20 პროცენტზე მეტი ზრდა, – განაცხადა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

საბაჟო სამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს სატვირთო ტრანსპორტისთვის დამატებითი კონტროლის ხაზების ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთაზე, ყოველდღიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1,2 ათასი სატვირთო მანქანა გადის, ხოლო რეკონსტრუქციამდე – ათასზე ნაკლები გადიოდა.

დავიდოვი დღეს ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზემო ლარსის საგუშაგოს ეწვია. უწყების ინფორმაციით, ახლა ზემო ლარსზე 39 ზოლია: 12 სატვირთო მანქანებისთვის, ორი ავტობუსებისთვის, ერთი სარეზერვო და 24 მსუბუქი ავტომობილებისთვის.