ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 10 საათამდე -გიორგი კალანდარიშვილი

26
spot_img

გავლილი პილოტებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ [არჩევნების] წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 9 საათიდან დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 10 საათის პერიოდში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„შემაჯამებელი ოქმები პირდაპირ საარჩევნო ოლქებიდან პლანშეტების მეშვეობით გადაიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ტრადიციულად მათი მიტანა ხორციელდებოდა საოლქოში, რაც თავის მხრივ დროსთან იყო დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც ტრადიციულზე, ასევე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება და მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ [საარჩევნო უბანზე] მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება შესაბამისი პლანშეტების მეშვეობით ცესკო-ში ამ ოქმების გადმოგზავნა. ეს ნიშნავს იმას, რომ იმთავითვე კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემები იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენი ვარაუდით, გავლილი პილოტებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 9 საათიდან დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 10 საათის პერიოდში. ეს არის მართლად მნიშვნელოვნად შემცირებული დრო იმ ტრადიციული გამოქვეყნებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ აპარატი უზრუნველყოფს სიზუსტეს, მონაცემების დათვლას. გავლილმა პილოტებმა გვაჩვენა, რომ აპარატის მიერ და ხელით დათვლილი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, არ არსებობს ფაქტობრივად ცდომილება“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.