„ვოცნებობ, რომ ბრძოლები რაც შეიძლება მალე შეწყდეს“: ჩიხში შესული ომი უკრაინელთა მორალურ სიმტკიცეს ამოწმებს“

106
spot_img

„ვოცნებობ, რომ ბრძოლები რაც შეიძლება მალე შეწყდეს“: ჩიხში შესული ომი უკრაინელთა მორალურ სიმტკიცეს ამოწმებს“ – ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ენდრიუ კრამერი), რომელშიც მოსახლეობაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვების შედეგებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და პოლიტიკოსების, ასევე სამხედრო პირების ინტერვიუები აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ მოსახლეობას მშვიდობის დამყარება სურს. ქვეყნის არმია დღეს წინ ვერ მიდის, ჯარისკაცები სანგრებში სხედან და არის იმის შეგრძნება, რომ დასავლური იარაღი დაგვიანებული აღმოჩნდა და რაც მიიღეს, ისიც მალე გამოილევა. შესაბამისად, უკრაინელები სულ უფრო პესიმისტურად უყურებენ სწრაფი გამარჯვების პერსპექტივას. მათი იმედი, რომ დასავლეთთან კონფრონტაციაში რუსეთი – ძლიერი მეზობელი – დასუსტდებოდა, არ გამართლდა.

კიეველი ქალი ტატიანა კუკსა, რომელიც ბაზარში ყვავილებს ჰყიდის, დეპრესიაშია ჩავარდნილი. „თავს უუნაროდ ვგრძნობ, აღარ შემიძლია ცხოვრების ასე გაგრძელება. ვოცნებობ, რომ ომი რაც შეიძლება მალე შეწყდეს“.

მაგრამ უკრაინელი ხალხი იძულებულია, ნებით თუ უნებლიედ, ბედს დაემორჩილოს და ცხოვრება გაჭიანურებული ომის პირობებში გააგრძელოს, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

სამწუხაროდ, ეს უკვე ტენდენციაა და არა ვიღაცის მიერ თეთრი დროშის ერთჯერადი აფრიალება. ერთი შეხედვით, მოსახლეობის მხარდაჭერა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ თითქოსდა ისევ ძლიერია და ისინი თავიანთ პრეზიდენტს ენდობიან – ისევე როგორც 2022 წლის თებერვლის ომის დაწყების დროს, როცა რესტორნის ბარმენები, საბარგო ავტომანქანების მძღოლები და უნივერსიტეტის პროფესორები არმიაში მოხალისეებად ეწერებოდნენ, მაგრამ…

როგორც ბოლოდროინდელი გამოკითხვები მოწმობენ, მართალია, პრეზიდენტისადმი ნდობა ჯერ კიდევ მაღალია – 76%, მაგრამ მაისის თვეში 91% იყო, ანუ ოთხ თვეში თითქმის 15%-ით შემცირდა. მთავრობის მიმართ ნდობამ 39%-მდე მოიკლო, როცა მაისში, კონტრშეტევის დაწყებამდე, ნდობა 79% იყო. რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეთა რაოდენობა 14%-მდე გაიზარდა, თუმცა მათი უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ მშვიდობის დამყარება ტერიტორიის მსხვერპლად შეწირვით იყოს მიღწეული. შემცირდა, თუმცა მცირედ, არმიისადმი პოზიტიური განწყობაც.

უკრაინის არმიის ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება მხოლოდ ერთი წლის წინ მოხდა მას შემდეგ რაიმე პროგრესი არ ჩანს. კონტრშეტევა პრაქტიკულად ჩაიშალა. ამჟამად მიმდინარეობს სასანგრო ბრძოლები, საარტილერიო დუელები და დაბომბვები, მაგრამ ჯარი წინ მაინც ვერ მიდის. გააფთრებული ბრძოლები, რომელთა დროსაც ცარიელი სოფლები ხელიდან-ხელში გადადიან და ფრონტის ხაზი ამ დროს არ იცვლება, უამრავ მსხვერპლს იწვევს.

გასულ კვირას ბრიტანული ჟურნალისადმი მიცემულ ინტერვიუში უკრაინის არმიის მთვარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ საომარი მოქმედებები ჩიხში შევიდა. იმავეს ამბობენ ადგილებზე სამოქალაქო თანამდებობის მქონე პირებიც (მათი ვინაობა ანონიმურია), მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში: „მოსახლეობა დაიღალა, იტანჯება… ჩვენთან ბევრი დაჭრილი ჯარისკაცია, ხშირად ვიღებთ თანასოფლელთა დაღუპვის შესახებ შეტყობინებებს. ძალიან მომრავლდა საფლავების რაოდენობა. დაჭრილებთან საუბრისას კი ირკვევა, რომ მათ ფრონტზე საბრძოლო მასალები არ ჰყოფნიდათ და შეტევაზე ვერ გადადიოდნენ, მხოლოდ პოზიციებს ინარჩუნებდნენ. ისინი ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი თანამდებობის პირი კონფიდენციალური საუბრის დროს.

უკრაინელები, რომლებიც ადრე 80%-ით ენდობოდნენ მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ტელეარხის «Єдині новини»-ს მიერ მომზადებულ რეგულარულ „ტელემართონს“, რომელშიც თანამდებობის პირები გამოდიან, ჯარისა და მოსახლეობის მორალური სულის ასამაღლებლად, დღეს «Єдині новини»-ს მხოლოდ 48%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„მოსახლეობა ისმენდა, რომ კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობსო, საბოლოო ჯამში კი წარუმატებელი აღმოჩნდა. პატიოსნების პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას, ღირსება არ უნდა დავკარგოთ. მოსახლეობა მთავრობის მიმართ პესიმისტური ხდება“, – ამბობს ანტონ გრუშეცკი, კიევის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, – „რა თქმა უნდა, მოსახლეობამ იცის, რომ არმია რთულ მდგომარეობაშია და ამიტომ ჯარს ნაკლებად აკრიტიკებს. უფრო მეტად, გამოკითხულები ლაპარაკობენ კორუფციაზე, ჯარში გაწვევიდან თავის არიდებაზე, დასავლეთის მიერ არასაკმარის მხარდაჭერაზე“.

იმ უკრაინელების რაოდენობა, რომელთა აზრით, დასავლეთს უკრაინის გამარჯვება არ სურს, მიმდინარე წლის დასაწყისის 15%-დან დღევანდელ 30%-მდეა გაზრდილი. ბევრი ადამიანი შეშფოთებით უყურებს აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე უნგრეთის და ახლა უკვე სლოვაკეთის ანტიუკრაინულ პოლიტიკას. „დადგა შეშფოთების ჟამი“, – კონსტატირებას ახდენს ანტონ გრუშეცკი.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/11/05/world/europe/ukraine-war-morale.html