„ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც „ველური ბარათის“ მფლობელი: პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობა უკვე სარისკო ხდება“ – Time

52
spot_img

„ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა სულ უფრო მეტი სარისკო ოპერაციები განახორციელოს, რუსეთთან ომის ესკალაციის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის ჟურნალის „თაიმის“ (Time) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც „ველური ბარათის“ მფლობელი: პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობა უკვე სარისკო ხდება“ (ავტორი – იენ ბრემერი, ჟურნალის რედაქტორი), – „უკრაინის ლიდერს შიში ამოძრავებს და მისი მოქმედება გაუთვალისწინებელი ხდება, მას ეჭვი ეპარება დასავლეთის დაპირებებში დაფინანსების თვალსაზრისით, ფულის გარეშე კი უკრაინის არმიას მარცხი ელოდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იანვრის დასაწყისში უკრაინის დრონებმა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე გაზის ტერმინალი დაბომბეს, უფრო ადრე უკრაინის აგენტებმა ციმბირის სარკინიგზო მაგისტრალზე ყველაზე დიდი გვირაბი ააფეთქეს… ეს ადგილები რუსეთ-უკრაინის ომის ზონიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობენ… მოსალოდნელია, რომ ასეთი დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სულ მეტი იქნება – იმიტომ, რომ კიევში ძლიერდება შიში: უკრაინის არმია ვერაფრით ვეღარ შეაჩერებს რუსეთის ჯარებს ბრძოლის ველზე.

უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული აფეთქებები და დარტყმები იმის ნიშანი კი არ არის, რომ უკრაინა ძლიერია, არამედ იმისა, რომ ხელისუფლებას სულში შიში აქვს გამჯდარი: ქვეყანამ ასეულობით ათასი ახალგაზრდა მოქალაქე დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, მილიონობით უკრაინელმა ლტოლვილის სტატუსით უცხოეთს შეეფარა თავი, რომლებიც საეჭვოა, სამომავლოდ უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ ბოლო კვირების განმავლობაში კი ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გენერლებს სულ უფრო მეტი საფუძველი აქვთ ეჭვი შეეპაროთ დასავლეთის დაპირებებში შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველყოფის თაობაზე, რომელზეც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული უკრაინის ყოფნა-არყოფნა, გამარჯვება თუ დამარცხება.

აცნობიერებენ რა იმას, რომ ამერიკელ და ევროპელ ამომრჩევლებს, რომელთა გუნება-განწყობა და პოზიცია განაპირობებს სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას კიევისადმი და რომლებსაც სულ უფრო ნაკლებად სჯერათ უკრაინის უნარისა წარმატების მოპოვების თაობაზე, ქვეყნის ხელისუფლებას ნერვიულობისა და შეშფოთების სრული საფუძველი აქვს.

იმ შემთხვევაშიც, თუ კონგრესი დამატებითი დახმარების პაკეტს დაამტკიცებს, ეს იქნება უკანასკნელი საჩუქარი კიევისათვის 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. და თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, აქედანვე ჩანს, რომ იგი მკვეთრად შეამცირებს უკრაინისადმი დახმარების მოცულობას. ევროკავშირული პროგნოზები შედარებით უკეთესია – ბრიუსელში ცდილობენ გამოსავალი იპოვონ უნგრეთის ჯიუტობიდან, გერმანიის საბიუჯეტო პრობლემებიდან და ალბათ, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოახერხებენ კიევის იარაღითა და ფულით უზრუნველყოფას, ანუ უკვე იქმნება იმის წინაპირობა, რომ ევროპა საშუალოვადიან პერსპექტივაში საომარი რესურსებით უკრაინის მთლიანად დაკმაყოფილებას აშშ-ის გარეშე ვერ შეძლებს.

ამასობაში კი რუსეთი დროს უქმად არ კარგავს: ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და ერთ დიდ საომარ ბანაკად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, თავის მხრივ უკრაინაც გეგმავს მობილიზაციის ჩატარებას (კანონპროექტი უკვე არსებობს) 500 ათასი მოქალაქის ჯარში გაწვევის მიზნით, მაგრამ კიევს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: როგორც არ უნდა ეცადოს ქვეყნის ხელისუფლება, რუსეთზე მეტი რიცხოვნობის მქონე ჯარს მაინც ვერ შექმნის – იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა ბევრად მეტია უკრაინის მოსახლეობასთან შედარებით. იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო ძლიერი, მდგრადი და ამტანი გამოდგა, ვიდრე ამას დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ვარაუდობდნენ.

აი, სწორედ ამიტომ არის უკრაინის ხელისუფლება ჩავარდნილი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. კიევი სულ უფრო მეტ დრონებს ამზადებს, რომ რაც შეიძლება ხშირად დაბომბოს შორს, მტრის ღრმა ზურგში მდებარე რუსული ობიექტები [უკრაინელი ჯარისკაცების მებრძოლი სულისკვეთების ასამაღლებლად].

ამავე მიზეზით იზრდება შეშფოთება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში პირდაპირ არ არიან ჩართულნი. ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი მოქმედებით ძალიან რისკავს, როცა ასეთი მეთოდებით ცდილობს ომის მსვლელობის შეცვლას და ქვეყნის შიგნით თავისი პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას.

უეჭველია, კიევი სულ უფრო ხშირად მიაყენებს დარტყმებს დრონებითა და რაკეტებით მტრისგან ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტებს და რუსეთის სხვა რეგიონებს. არ არის გამორიცხული ნავთობ- და გაზსაცავების დაბომბვა, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის არმიის საწვავით მომარაგებას. ბუნებრივია, უკრაინის მოქმედება გამოიწვევს იმას, რომ კიევს მოსკოვიც ინტენსიურ პასუხს გასცემს.

კიევმა და სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ყოველ ასეთ დარტყმას რუსეთის ღრმა ზურგში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კრემლის მხრიდან შურისძიება შეიძლება მოჰყვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო სულ უფრო მეტად იქნება ჩათრეული რუსეთ-უკრაინის ომში. კაცმა რომ თქვას, არც ნატოს და არც რუსეთს ომის ესკალაცია ნამდვილად არ სჭირდებათ, მაგრამ კონფლიქტები, როგორც ამბობენ ხოლმე, „თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ“, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე (ამ შემთხვევაში – ვოლოდიმირ ზელენსკი) არაპროგნოზირებად ჯოკრად იქცევა, რომლის მიმართ მეტი ყურადღება და კონტროლია აუცილებელი.

წყარო