უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო თათბირი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია: კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება. ასევე, რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ოპერატიული სამხედრო ვითარება“, – წერს ზელენსკი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ზარალის დაანგარიშება და კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადასახდელად თანხების გამოყოფა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს, გამთენიისას ააფეთქეს, რის შედეგადაც მდინარის ორივე ნაპირზე ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა.